საქართველოს 20-წკანდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსელ 20-წლამდელებს 6 ლელო დაადებინეს – 21:40.
6 ლელო მეტია, ვიდრე უმცროსს ბორჯღალოსნებს ჯგუფური ეტაპის სამივე მეტოქემ ჯამში გაუტანა.. მოგეხსენებათ, სამხრეთაფრიკელებმა ლადო კილასონიას გუნდი 3-ჯერ დაალელოვეს, იტალიელებმა – 2-ჯერ, ხოლო არგენტინელები სულაც უქულოდ გაეყარნენ ქართველებს. ფაქტია, რომ გუნდს არც ისეთი მოტივაცია ეტყობოდათ, რაც პულის მატჩებში, აღარც ჯანი დარჩენოდათ და ეს თამაშის დებიუტშივე გამოჩნდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, წინა მატჩებში გადატანილ საარაკო ბრძოლებს უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენი საამაყო ბიჭები უბრალოდ გადაიწვნენ. 25-26 ჯერაც ჭაბუკს 2 კვირაში 4 უმძიმესი მატჩის ჩატარება მოუხდა, ეს რაგბია, სადაც ფიზიკური დატვითვები უბრალოდ კოლოსალურია, დაღლილობაც თვალშისაცემი იყო. უელსელების წინააღმდეგ კილასონიამ ზოგიერთი ლიდერი დაასვენა. კერძოდ, ნიკა ლომიძე განაცხადშიც არ ყოფილა, ხოლო 8 ნორის პოზიციაზე მის ნაცვლად დამდგარ კაპიტან ლაშა ციხისთავს იგივე უნარები არ აღმოაჩნდა – ის ხომ კლასიკური ფლანკერია. შერკინება ამ მდგომარეობაშიც კი დიმონირებდა, მაგრამ უელსელები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა თავიდან სტატიკური შერკინება აეცილებინათ. მათ ერთადერთხელ მოუგეს ქართველებს ამ კომპონენტში, ისიც იმიტომ, რომ გიორგი მამაიაშვილს ფეხი გაუსრიალდა. აი, სისწრაფეში კი ქართველები ბრიტანეებს უიმედოდ ჩამორჩნენ. მიუხედავად საშინელი სათამაშო მოედნისა, ახალგაზრდა „დრაკონები“ უბრალოდ დაფრინავდნენ და ტალახიანმა მინდორმა დაღი უფრო ქართველთა ღონეს დაასვა, ვიდრე უელსელთა ჩქაროსნულ გამოხტომებსა და რეიდებს.
ბურთის ხშირი უნებლიე კარგვები ცალკე საკითხია და თან ფეხით თამაშშიც ბრიტანელებმა აშკარად დაჯაბნეს ჩვენი უკანახაზელები. პეტრე ხუციშვილს ისევე, როგორც აფრიკასთან შეხვედრაში, კვლავ არ წაუვიდა დარტყმები და თუ თამაშის დებიუტში მან ორი იოლი ჯარიმა უპრობლემოდ გაიტანა, სამივე ლელო გარდაუსახავი დატოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე ქართული ლელო კიდის სიახლოვეს დაიდო, მაგრამ არც უელელების 6-ვე ლელო იყო იოლი დამრტყმელებისთვის, მაგრამ მათ 6-დან 5 ხომ გარდასახეს?
ჩვენს თამაშს წინა მატჩების ნაპერწკალი აკლდა, ბრძოლა არავის დაუკლია, ზოგიერთი დაიმტვარ კიდეც, მაგრამ ის რიხი, ჟინი და ვნება არა და არ გამოჩნდა.
მოკლედ, უელსმა აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო და მე-5 ადგილს ავსტრალიის U20-თან გაათამაშებს. ახალგაზრდა „ვოლაბებმა“ თანატოლი „ოლ ბლექსი“ ლამაზ და დრამატულ შეხვედრაში 41:35 დაამარცხეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები კი, მე-7 ადგილისთვის ახალზელანდიელებს შეერკინება, რომლებთანაც წინა ორი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო. ეს მატჩი ხუთშაბათს, 14 ივლისს გაიმართება. დასაწყისი – 19 საათზე.