ბათუმში დასრულდა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. დრამატულ ფინალში ინგლისმა ესპანეთს 1:0 მოუგო. სანახაობრივ, მაღალი დონის შეხვედრაში იყო გოლი და მოგერიებული პენალტი, იღბალი და უიღბლობა, ჩხუბი და შერიგება.
ინგლისური „მანჩესტერ სიტის” ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო გომესმა მატჩის შემდგ აღნიშნა, რომ მის გუნდს ორ საკვანძო მომენტში არ გაუმართლა: გაშვებული გოლის და ვერ გატანილი პენალტის დროს. გოლი ასე გავიდა: მისმა მანჩესტერელმა თანაგუნდელმა კოულ პალმერმა ჯარიმა დაარტყა, ბურთი ზურგში მოხვდა კერტის ჯონს, მიმართულება იცვალა და ესპანელების კარში შევარდა. ეს პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მეოთხე წამატებულ წუთზე მოხდა.
მსაჯის წამატებულ წუთებში, ოღონდ ამჯერად მატჩის ბოლოს დატრიალდა მეორე დრამაც: ნორვეგიელმა მსაჯმა ესპეს ესკასმა VAR-ზე შეამოწმა საეჭვო ეპიზოდი და ესპანელების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა აბელ რუისმა შეასრულა, მაგრამ მეკარე ჯეიმს ტრეფორდს ამ დღეს გმირობა ეწერა: რუისის დარტყმაც მოიგერია და აიმარ ოროსის დამატებულიც.
ზემოთ აყალმაყალი ვახსენეთ. ინგლისელთა გოლიდან მოყოლებელი შეხვედრას ჩხუბი თან სდევდა. ესპანელები კოულ პალმერის საქციელმა გააღიზიანა — გოლის შემდეგ მისი ზეიმი მეტოქის სათადარიგოთა სკამის გამოწვევას ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში ესპანელებმა ასე აღიქვეს და ამას არეულობა, სათადარიგოთა სკამიდან ხალხის, მათ შორის ცნობილი ინგლისელი ვეტერანის, მწვრთნელის ასისტენტის ეშლი კოულის გაძევება მოჰყვა. გააძევეს ესპანელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელი კარლოს რივერაც.
სერხიო გომესი: „ფაქტია, პროვოკაციებს ინგლისელები აწყობდნენ. პალმერის ზეიმი ცოტა ბულინგს ჰგავდა. არ ვიცი ვეტყვი თუ არა მას რამეს, როდესაც კლუბში ვნახავ. მართალი გითხრათ, არ ვაპირებ. მან გაიმარჯვა და მე როგორც წესია, მივულოცე. გოლს ყველა ისე აღნიშნავს როგორც უნდა. მან ეს გზა აირჩია. რას იზამ. ახლა ვიცით, როგორები არიან ინგლისელები”.