Featured Imageწლების წინ ESPN-ის მავანი თანამშრომელი „უიმბლდონზე” თავის კერპთან, ჯონ მაკინროისთან ერთად საპირფარეშოში მოხვდა. როდესაც ორივემ „საქმე” მოითავა, ESPN-ის თანამშრომელმა მომენტი შეარჩია და ბედნიერი სახით წარუდგა მის სათაყვანებელ ფიგურას, რაზეც პასუხად მიიღო: ერთი შენი …. და ESPN-საც.

მაშინ ეს ამბავი სკანდალურად გახმაურდა. მას მერე ათწლეულებია გასული, მაგრამ ინგლისური გაზეთი „გარდიანი” წერს, რომ სპორტში უხამსობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება და მაგალითად ჟოზე მოურინიო მოჰყავს.

ინგლისსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ამ საკითხს გარედან კი არ აკვირდებიან, სწავლობენ და ასკვნიან, რომ უკმეხობის ზრდაში დამანაშავე ყველაა: გულშემატკივარი, მშობლები, მას-მედია და სპორტსმენები. „სპორტსმენები მსაჯებს შეურაცხყოფას აყენებენ და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამის გამო არ ისჯებიან”, — წერს გაზეთი, რომელიც დასძენს, რომ პრობლემა მარტო ჩოგბურთს არ ეხება.

ინგლისში საკითხი აკადემიკოსმა ჯეინ კლილენდმა შეისწავლა და ასეთი შედეგები მიიღო: ბრიტანეთში ფეხბურთის მსაჯების 60%-ს ყოველ ორ შეხვედრაში ერთხელ აყენებენ შეურაცხყოფას, 19%-ს კი ფიზიკური შეურაცხყოფაც განუცდია. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც 20 წლის გამოცდილების მქონე არბიტრი უკნიდან თავდასხმით გათიშეს და სანამ გონებადაკარგული იწვა, ურტყამდნენ. თავდამსხმელს ცოტა ხნის წინ პატიმრობა მიუსაჯეს”.

საქმე უარესობისკენ მიდის თვით ისეთ „ზრდილობიან სახეობაში”, როგორიც რაგბია.

2019 წელს ჩატარებულმა ათასზე მეტი მსაჯის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რაგბის არბიტრთა 49 და კრიკეტის არბიტრთა 45 პროცენტს სეზონში სულ მცირე ორჯერ შეურაცხყოფენ. მათი ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება.

მსაჯების ბულინგის პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ დგას ფეხბურთში. „გარდიანმა” ამის თვალნათელ მაგალითად მოიყვანა მოურინიუს ქცევა წლევანდელ ევროლიგის ფინალში მსაჯის ენტონი ტეილორის მიმართ, რასაც მოგვიანებით, აეროპორტში, „რომას” ფანების ხულიგნური გამოხდომა მოჰყვა.

საბოლოოდ, „გარდიანი” ასკვნის, რომ სპორტში უხამსობის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციებია შემოსაღები.