ეს ფოტო 2006 წლის 13 მაისს არის გადაღებული „მიხეილ მესხზე“.

იმ დღეს საქართველოს თასის ფინალში „ამერმა“ „ზესტაფონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და უამრავი გულშემატკივარი ამ ფინალს დღემდე ყველაზე სანახაობრივად მიიჩნევს საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში.

თუმცა ეს ფოტო ახლა სხვა რამის გამო გავიხსენეთ. გუნდები მოედანზე ბავშვებთან ერთად რომ გადიან ხოლმე, ძველი და ჩვეულებრივი ამბავია. ეს თამაში კი ეგებ ერთადერთიც არის ისტორიაში, რომლის წინაც „ამერის“ ფეხბურთელები მოედანზე საკუთარ შვილებთან ერთად გავიდნენ! ხოლო, ვისაც შვილი არ ჰყავდა, ოჯახის წევრი ბავშვები გაიყვანეს. ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩიხრაძის მოფიქრებული იყო, ფეხბურთელებს ბრძოლის ჟინი შემატა!

ფოტოზე კი სულიკო დავითაშვილს – „აბრეზას“ ხედავთ, რომლის წინაც 5 წლის და 57 დღის ზურიკო დავითაშვილი დგას. იმ დღეს ზურიკო პირველად გავიდა ნამდვილ დიდ მოედანზე, ნამდვილ ფინალზე…

No description available.