გუშინ, „ნაპოლის” გულშემატკივართათვის საინტერესო ამბავი გავრცელდა ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით. როგორც spazionapli წერს, არ არის გამორიცხული ბევრი რამ შეიცვალოს.
31 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა ბუნებრივია მსხვილი ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი ამ კლუბთაგანი გახლავთ „პარი სენ ჟერმენი” რომელმაც ლეო მესი აშშ-ის „ინტერ მაიამიში” გაუშვა და ახლა ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. „პარკ დე პრენსის” ბოსებმა თვალი ოსიმენს დაადგეს.
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის მხრივ გამოაცხადა, რომ ის ნიგერიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ძალიან დიდ ფულს გადაუხდიან.
Sportitalia-ს ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ, როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანმა ოსიმენთან დაკავშირებით ახალი ცნობა გაავრცელა. მისი თქმით, პარიზული კლუბი უახლოეს დღეებში დე ლაურენტისს ნიგერიელში 150 მილიონ ევროს შესთავაზებს. ეს გახლავთ სწორედ ის „ძალიან დიდი” თანხა, რომელზეც „აძურის” მეპატრონე ლაპარაკობდა.
დანამდვილებით ვერავინ იტყვის გაყიდის დე ლაურენტისი ოსიმენს თუ არა, რადგან „ნაპოლი” სერია A-ს საუკეთესო მცველს კიმ მინ-ჯაეს „ბაიერნში” უშვებს და შესაძლოა ზედიზედ მეორე დანაკარგს მოერიდოს.