ნეაპოლურმა პორტალმა calcionapoli1926-მა ისტორიული სეზონის დასრულების შემდეგ, „აძურის” ტრიუმფატორი ფეხბურთელების შეფასება გადაწყვიტა. ქვემოთ გთავაზობთ საიტის ნიშნებსა და შეფასებებს.
ალექს მერეტი — 8
სეზონის წინ თითქოს მიდიოდა გუნდიდან, მაგრამ დარჩა და ნიჭი, რომელსაც კოლუმბიელ დავიდ ოსპინასთან კონკურენციაში ბოლომდე ვერ ამჟღავნებდა, სრულად გამოამჟღავნა.
პიერლუიჯი გოლინი — 6.5
დაამტკიცა, რომ ჩინებული სათადარიგოა. მომდევნო სეზონში მერეტს სავარაუდოდ დიდ კონკურენციას გაუწევს.
კიმ მინ-ჯაე — 9.5
კალიდუ კულიბალის შემცვლელად მოყვანილმა სამხრეთ კორეელმა საოცარი სეზონი ჩაატარა. „ნაპოლიმ” კულიბალის გაშვება არათუ არ ინანა, პირიქით კმაყოფილი დარჩა, რომ კიმი შეიძინა. მან ბევრ ისეთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, რომელთა წყალობით გუნდმა ქულები მოიპოვა. დამსახურებულად მიიღო სერია A-ს საუკეთესო მცველის წოდება.
ჟუან ჟესუსი — 7
ლუჩანო სპალეტის თილისმამ გასულ სეზონშიც დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაშობს და როდესაც გუნდს ამირ რაჰმანის შემცვლელი სჭირდებოდა, ამოცანას ღირსეულად ართმევდა თავს.
ამირ რაჰმანი — 7.5
ნებისმიერ ვითარებაში საიმედო იყო. მუდმივად იზრდებოდა როგორც მცველი. ხშირად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებდა და ამით რისკავდა, მაგრამ სკუდეტოს მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.
მარიო რუი — 8
თავიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სპალეტის იერარქიაში ოლივერა დაიკავდებდა მთავარ ადგილს, მაგრამ პოზიცია პორტუგალიელმა დაიპყრო. ერთადერთი, რაც მას დააკლდა გახლდათ გოლი, თუმცა რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
მატიას ოლივერა — 7
ურუგვაელისგან ალბათ რაღაც მეტს ელოდნენ, მაგრამ იყო მატჩები, როდესაც მარიო რუის ტექნიკა საქმეს ვერ შველოდა და ის გუნდს ჯანით ეხმარებოდა. ოლივერა შეტევაში კარგად ერთვებოდა, ორი გოლიც გაიტანა.
ჯოვანი დი ლორენცო — 9
კაპიტანმა სრულყოფილი სეზონი ჩაატარა. ყველა მატჩში გამოამჟღავნა თავისი ვაჟკაცობა და გული ჩადო. გუნდს ნამდვილი ლიდერი ჰყავდა. მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო თავდასხმაშიც. ხშირად გოლები გაჰქონდა ან საგოლე პასს აწვდიდა.
ლეო ოსტიგორი — 7
ნორვეგიელი აუცილებლად გაიზრდება და მოუმატებს. მისი აღნაგობის პატრონი შეუძლებელია იმედისმომცემი არ იყოს. ის იყო ჩინებული სათადარიგო. ახალმა მწვრთნელმა შეიძლება უფრო ხშირადაც კი ათამაშოს.
ელიფ ელმასი — 7
ნამდვილი ჯოკერი იყო. სკუდეტოს მოპოვებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა. როდესაც გუნდს სჭირდებოდა, ნებისმიერ როლს ერგებოდა. ელმასი ნიჭიერია, მაგრამ შესაძლოა სჯობდეს თავისი გზა მოძებნოს.
პიოტრ ჟელინსკი — 8
გოლების თვალსაზრისით წინა ორ სეზონში უკეთ თამაშობდა, მაგრამ საგოლე პასებისა და უბურთო მოქმედებების თვალსაზრისით სპალეტის თერთმეტეულის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
სტანისლავ ლობოტკა — 9.5
ის ბურთით ყოველთვის იმას აკეთებდა, რის გაკეთებაც უნდოდა. სრულყოფილად მოქმედებდა სისწრაფეში და ბურთის კონტროლის დროს. სლოვაკი როგორც ფეხბურთელი თვალსაჩინოდ გაიზარდა. მისი დაზღვევაზე თამაში დაცვითვის ფუნდამენტური იყო.
ჯანლუკა გაეტანო — 6.5
მასზეც იმავეს თქმა შეიძლება, რაც ოსტიგორზე ვთქვით.
ტანგუ ნდომბელე — 6.5
„ტოტენჰემიდან” იჯარით გადმოყვანილს გადატვირთვა სჭირდებოდა. მან ნეაპოლელთა წარმატებაში მონაწილეობა მიიღო როგორც სათადარიგომ. მეტს ვერაფერს იზამდა, რადგან წინ სამი გოლიათი, ჟელინსკი, ლობოტკა და ზამბო ანგისა ჰყავდა. ჯამში პოზიტიური სეზონი ჩაატარა.
ანდრე-მარკ ზამბო ანგისა — 8.5
კამერუნელმა ნახევარმცველმა წინა სეზონში ისე ითამაშა, რომ იმ დონის გამეორება იოლი არ იყო, მაგრამ მან კიდევ უფრო მაღლა აწია თამასა. ანგისას ძალ-ღონე მაღალი ხარისხის თამაშს ერწყმის და მას ნახევარდაცვაში დომინანტად აქცევს. ასეთი გახლდათ ის სეზონის ფაქტობრივად ყოველ შეხვედრაში.
ვიქტორ ოსიმენი — 9.5
31 გოლით ვიქტორმა ყველას დაუმტკიცა, რომ ღირდა იმ 75 მილიონ ევროდ, რომელიც „ნაპოლიმ” მის სანაცვლოდ „ლილს” გადაუხადა. დღეს მისი ფასი 100 მილიონს აღემატება. ნიგერიელი შესანიშნავად მოერგო სპალეტის სტილს.
ირვინგ ლოსანო — 7
მექსიკელისთვის ეს იყო შუქ-ჩრდილიანი სეზონი. მან მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. რაც „ნაპოლიშია” მას ასე ცოტა არასდროს გაუტანია, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მაინც ხშირად იყო. გასულ სეზონში მას და მატეო პოლიტანოს დიდი კონკურენცია ჰქონდათ.
ჯოვანი სიმეონე — 8
გაჭირვების დროს „ნაპოლის” ძალიან ეხმარებოდა მის მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლები, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაში. პროექტს კარგად მოერგო. მან გულშემატკივრის გული მოიგო — აჩვენა მათ, რომ ქალაქით აღფრთოვანებულია. ჩოლიტომ სპალეტის ოსიმენისგან განსხვავებული თვისებები შესთავაზა და ამიტომაც გახდა ფასეული ალტერნატივა.
მატეო პოლიტანო — 7
მასზე იმავეს თქმა შეიძლება, რაც ლოსანოზე ვთქვით.
ხვიჩა კვარაცხელია — 9.5
არსაიდან მოსული „ნაპოლის” გარეკანზე აღმოჩნდა. დრიბლინგი, ტექნიკა, სისწრაფე და გამჭრიახი გადაწყვეტილებები: თანდათანობით ახალახალ საფეხბურთო სიმაღლეებს იპყრობდა; ურთულეს სიმაღლეებისაც კი. ჰქონდა ჩავარდნებიც, მაგრამ ვის არ ჰქონია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ შეუძლია გაზრდა და მომავალშიც ლურჯი პროექტის ცენტრში დარჩება. თავისი ჯადოქრობით მან კვლავაც უნდა მოხიბლოს „ნაპოლის” ფანები.
ჯაკომო რასპადორი — 7.5
ჯეკს ორნაირი სეზონი ჰქონდა: ევროპაში შესანიშნავი, სერია A-ში კი არც ისე. როდესაც ოსიმენი დაშავდა მან და სიმეონემ ღირსეულად დაიკავეს მისი ადგილი თავდასხმაში, მაგრამ ნიგერიელი რომ დაბრუნდა რასპადორის გაქანება შეეზღუდა. დაუვიწყარი იყო გოლი, რომელიც მან ტურინში გაუტანა „იუვეს” და „ნაპოლი” სკუდეტოს მიუახლოვა.
ლუჩანო სპალეტი — 9
სპალეტი „ნაპოლის” მწვრთნელი კი არა ნამდვილი ლიდერი იყო. როგორც ქვედანაყოფის უფროსი ის თავის მებრძოლებს საბრძოლო სულს ჰბერავდა, მაგრამ თუ საჭირო იყო მახვილითაც იცავდა მათ. ფეხბურთელები სპალეტის ისე მისდევდნენ როგორც სათამაშო ჯარისკაცები. ისინი ხვდებოდნენ, რომ მათ წინ მიუძღოდათ რკინის სერჟანტი რბილი გულით. სწორედ ამიტომ მოიგო სპალეტიმ ნეაპოლელთა გულები, სადაც ის მუდმივად დარჩება. ის ზუსტად ახერხებდა როზგიდან ტკბილეულზე გადართვას და გაურბოდა იმ ბოროტებას, რომელმაც ეს კლუბი წარსულში დაიპყრო: გასახდელში უჟმურ ვითარებაზე აღარავინ ლაპარაკობდა. სპალეტიმ ყველა ღონე იხმარა, რათა ყველაფერს უეკლოდ ჩაევლო და საბოლოოდ ისტორიაშიც შევიდა.