Rudi Garcia Olympique Lyon Head Coach during the Ligue 1 match between Olympique Lyon and OGC Nice at Groupama Stadium on May 23, 2021 in Lyon,...წუხელ ნეაპოლს ახალი ამბავი მოედო. გავლენიანი იტალიური გაზეთის „ლა რეპუბლიკას” ცნობით „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა სადილად „ალ ნასრის” ყოფილი მწვრთნელი, 59 წლის ფრანგი რუდი გარსია  დაპატიჟა. „ალ ნასრი” საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის კლუბია. რამდენადაც ცნობილია, სადილი რომში, იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციის, კუირინალეს სასახლის სიახლოვეს გაიმართა. თავად დე ლაურენტისი იქვე ცხოვრობს.

„ლა რეპუბლიკა” წერს, რომ შეხვედრას უფრო გაცნობის ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია — ლუჩანო სპალეტის სავარაუდო შემცვლელთა სიას გარსიაც დაემატა.

რუდი ხოსე გარსია წარმოშობით ესპანელია. მისი მამა ხოსე გარსია ფრანგული „სედანისა” და „დუნკერკის” ფეხბურთელი იყო. პაპა და ბებია ანდალუსიიდან საფრანგეთში ესპანეთის სამოქალაქო ომს გაექცნენ. გარსიას რუდი გერმანელი ველომრბოლელის, „ვუელტას” 1962 წლისა და მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონის რუდი ალტიგის საპატივცემულოდ ჰქვია.

გარსია ფეხბურთს 1983-96 წლებში თამაშობდა. ცნობილი გუნდებიდან ის იყო „ლილისა” და „კაენის” ფეხბურთელი.

1994 წლიდან თამაშის პარალელურად რუდი გარსიამ სამწვრთნელო კარიერასაც მიჰყო ხელი. იყო „ლე მანის”, „ლილის”, „რომას”, „მარსელის”, „ლიონის” და როგორც მოგახსენეთ „ალ ნასრის” თავკაცი. საუდის არაბეთიდან წლეულს წამოვიდა.