კვარა რომ „ნაპოლიში” რჩება ეს უდავოა, ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი სეზონით. აურელიო დე ლაურენტისმა მკაფიოდ იცის რასაც აკეთებსო, წერს calciomercato და დასძენს, რომ თუ „აძურის” მეპატრონეს ფულის შოვნა უნდა, კიმსა და ოსიმენს გაყიდის. უკვე დადასტურდა, რომ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი „სტადიო მარადონას” დატოვებს, ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოსაპოვებლად საქმის გაძღოლა კი ახალ თავკაცს მოუწევს, მაგრამ პრეზიდენტს ღრმად სწამს, რომ მან ეს 22 წლის თბილისელზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს. სეზონში, რომლის დამთავრებამდე ერთი ტურიღა დარჩა, ხვიჩამ 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ნეაპოლელი გულშემატკივრის გული მოიგო და სადაცაა კონტრაქტსაც განუახლებენ. პორტალის ინფორმაციით, დეტალების შესახებ ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები დღე დღეზე დაიწყება.
Corriere dello Sport -ის ინფორმაციით ქართველი გარემარბის ხელფასი წელიწადში მილიონიდან 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება. ამბობენ, რომ ახალი ხელშეკრულება ძველისგან განსხვავებით 2027 წლის ნაცვლად 2028 წლამდე იქნება ძალაში.
თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი ორიოდ კვირაში იქნება მზად, თუმცა შესაძლოა დე ლაურენტისმა ჯერ ახალი მწვრთნელისა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის (ან მისი შემცვლელის) საკითხის გარკვევა ინებოს. ერთი ფაქტია, რომ ბათუმის „დინამოსგან” 10 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი „ნაპოლის” ბურჯი გახდა. მისი ფინტების და გარღვევების დიდი დამსახურებაა, რომ კლუბმა ისტორიაში მესამე სკუდეტო მოიპოვა და ძალიან ეფექტურია, რომ ეს პირველივე წელიწადს მოხდა. სათქმელად რა ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელიო, წერს calciomercato.