„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მესამე მატჩში მარცხი განიცადა, რაც პირველ ქართულ პროფესიულ სარაგბო ფრენჩაიზს ძალზე იშვიათად მოსდის. ჰოდა, პარასკევს გვიან ღამით ბუენოს აირესში სწორედ ამ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო.
ზოგადად ამ ტურნეს „შავი ლომი“ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ატარებს და ეს ერთადერთი თამაში იყო არგენტინის დედაქალაქში, რომელშიც ქართულ ფრენჩაიზს სწორედ არგენტინული დაუხვდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ადგილობრივ „პამპასთან“ 21:24 განცდილი მარცხისა, ლევან მაისაშვილი კმაყოფილი უნდა იყოს გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით.
სათამაშო დროის დიდი ნაწილი ქართველთა კარნახით წარიმართა, ჩვენი შერკინებაც უკეთესი იყო მეტოქისაზე, დერეფანიც და მოლიც უფრო საიმედო და შეკრული, მთავარი კი ის იყო, რომ ჩვენები არგენტინელებს არც სიჩქარეში ჩამოუვარდნენ და არც ხელდახელ თამაშში გამოიყურებოდნენ ცუდად.
ისიც აღსანიშნავია, რომ „პამპასი“ არგენტინის ნაკრების მეორე და მესამე ნაკრებების ნაზავია, ანუ მის შემადგენლობაში ფაქტობრივად ყველა უმაღლესი კვალიფიკაციის ოსტატია, ამდენად ეს ფრენჩაიზი უფრო მაღალი დონისა იყო, ვიდრე „შავი ლომის“ წინა ორი მეტოქე. და ჩვენი ფრენჩაიზიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს, მწვრთნელებიც, შესაბამისად, კმაყოფილები უნდა იყვნენ.
რაც შეეხება შედეგს, მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თამაში ამხანაგური იყო, თუმცა მაინც დასანანია, რომ სამხრეთამერიკელი მსაჯი აქაც მიკერძოებული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამ სტრიქონების ავტორს ასე მეჩვენა, რადგან რაც არ ეპატიებოდა ქართველებს, იმას არგენტინელები დაუსჯელად სჩადიოდნენ.
საწყენი იყო, როცა დასკვნითი 8 წუთი ქართველთა გააფთრებულ შეტევებში გაილია და როცა ლელოს გატანას ფაქტობრივად აღარაფერი აკლდა, ყოველ ჯერზე რეფერი სტუმრებს აჯარიმებდა. არადა ბოლოს ლელოს იმედით იმდენი ჯარიმა არ დავარტყით კარში…
მოკლედ, შედეგი კანონზომიერი სულაც არაა, თუმცა თამაშმა დაადასტურა, რომ „შავი ლომისა“ და ნაკრების წევრები კარგ ფორმაში არიან.
შემდეგ მატჩს „შავი ლომი“ ერთი კვირის თავზე უკვე მონტევიდეოში გამართავს. მეტოქე — „სუდამერიკა XV”.