May be an image of 5 people and people playing soccer
თელავი – ბათუმი 1:4

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა.

ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე გიორგი ზარიამ გაათანაბრა და ტაიმიც ასე დამთავრდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა მასპინძელ ვაჟა ფაცაციას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა. ამის შემდეგ ბათუმელებს გამარჯვება აღარ გასჭირვებიათ. კიდევ სამი ბურთი გაიტანეს.

მასპინძელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვარდან მინასიანის ხელმძღვანელობით კი თელაველებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს.

„დინამომ“ „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვება იოლი არ ყოფილა. ქუთაისელებმა იბრძოლეს და ბოლოსკენ კინაღამ გაათანაბრეს ანგარიში. უკვე დამატებული წუთები მიმდინარეობდა როცა „ტორპედომ“ კუთხურის უფლება მოიპოვა. ჩაწოდების შემდეგ ქუთაისელებმა სამჯერ დაარტყეს კარისკენ, მაგრამ ორჯერ ბურთი კარის ხაზიდან მასპინძელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გამოიტანა, ერთხელაც მეკარე დავით კერესელიძემ იყოჩაღა.

დინამომ ქუთაისის ტორპედოს გორში აჯობა – 2:1

მომდევნო ეპიზოდში დინამოელ ხარაიშვილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ. ეპიზოდი ვარ-მა გადაამოწმა და წესის დარღვევა არ დააფიქსირა, რადგან დინამოელს მუხლიდან ასხლეტილი ბურთი მოხვდა ხელზე. ეს „ტორპედოს“ პირველი მარცხი გახლდათ წლევანდელ სეზონში.

„გაგრასა“ და „დილას“ მატჩიც ხმაურიანი გამოდგა, თუმცა გოლები არ გასულა. 52-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოს სიახლოვესთან თორნიკე ოქრიაშვილი მარცხენა ფრთაზე მოხდენილად გაძვრა ორ მეტოქეს შორის, მაგრამ შეაჩერეს. თორნიკეს აზრით, მოწინააღმდეგე წესს არღვევდა და მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ალეკო აფციაურმა კი პირდაპირ წითელი აუფრიალა საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს.

„სამგურალმა“ „საბურთალოს“ 2:1 მოუგო. 91-ე წუთზე საბურთალოელებს მცველი გია ჩადუნელი გაუძევეს.

„შუქურამ“ კი ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, სტუმრად 0:2 დაამარცხა „სამტრედია.“ ორივე ბურთი მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა. ეს მე-5 დუბლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

სამტრედია 0:2 შუქურა

0:1, 0:2 სარდალიშვილი (11, 32)

თელავი 1:4 ბათუმი

1:0 პარკინაშვილი (10), 1:1 ზარია (16), 1:2 ტეიდი (64), 1:3 მამუჩაშვილი (68 პენ), 1:4 კონატე (83)

გაძევება: ფაცაცია (52, თელავი)

დინამო 2:1 ტორპედო (გორში)

1:0 იმრანი (45+2), 1:1 მანჯგალაძე (78), 2:1 გონსალვესი (82)

გაგრა 0:0 დილა

გაძევება: ოქრიაშვილი (52)

სამგურალი 2:1 საბურთალო