Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Victor Osimhen of SSC Napoli speaks during the Serie A match between Torino FC and SSC Napoli at Stadio...მსოფლიოში სანაკრებო დღეებია, იტალიაში კი მის პარალელურად „ნაპოლის” თემა ტრიალებს. ეს გასაგებია, „პარტენოპეელებმა” მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი ეფექტი მოახდინეს. ისინი სკუდეტოსთან ახლოს არიან და ჩემპიონთა ლიგაშიც მეოთხედფინალს მიაღწიეს, სადაც „მილანს” უნდა შეხვდნენ.

ნეაპოლელთა ეფექტურ თამაშს რიცხვები ამყარებს. ისინი რომ ლიდერები არიან და მდევარს 19 ქულით უსწრებენ, ბევრჯერ გვიხსენებია. ძალიან ეფექტურია აგრეთვე მათ მიერ გატანილ და გაშვებულ გოლთა სხვაობა — 48. ასეთი შედეგი ევროპის ტოპ 5 ლიგაში სხვას არავის აქვს.

გვინდა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს მივაპყროთ თქვენი ყურადღება. ჩემპიონთა ლიგის რვა მეოთხედფინალისტს შორის სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატს მხოლოდ ორი ლიდერობს: „ნაპოლი” და „ბენფიკა”. „ბენფიკა” პორტუგალიური გუნდია და კონტინენტის ხუთ უძლიერეს ლიგაში არ მონაწილეობს. გამოდის, რომ ტოპ 5-ის წარმომადგენელთა შორის ლიდერი მარტო „აძურია”:

„მილანი” და „ინტერი” სერია A-ში ლუჩანო სპალეტის გუნდს 23 და 21 ქულით ჩამორჩებიან. „რეალი” ლა ლიგაში „ბარსელონაზე” 12 ქულით უკან არის. ბუნდესლიგაში „ბაიერნი” „დორტმუნდს” მისდევს (სხვაობა 1 ქულაა), ხოლო პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტი” „არსენალს” 8-ქულიანი ჩამორჩენით უდგას კვალში, „ჩელსიზე” კი ლაპარაკიც არ ღირს — „ლურჯები” მე-10 პოზიციაზე არიან და ლიდერს 31 ქულით ჩამორჩებიან.