პორტალმა ilnapolista სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრა „ტორინოსა” და „ნაპოლის” შორის (0:4) საფუძვლიანად გაარჩია. ვინაიდან წერილი ვრცელია, მხოლოდ ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. მიმოხილვაში წერია:
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი” ამ დღეს უწინდელთან შედარებით სრულიად განსხვავებულ გუნდად წარმოგვიდგა, მაინც ეტყობოდა, რომ მას ბურთის ფლობა უყვარს. თამაშის კონტროლისთვის „აძური” მთავარ ინსტრუმენტად სწორედ ბურთის ფლობის ხერხს იყენებს. სპალეტიმ შექმნა სისტემა, რომელიც „ვერტიკალურად თამაშის” შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ იმავდროულად გუნდი ახერხებს მეტ-ნაკლებად მშვიდად გადაიტანოს შეხვედრის ის მონაკვეთები, როდესაც ბურთი მოწინააღმდეგეს აქვს. მიმდინარე სეზონში სწორედ ეს მრავალფეროვნება წარმოადგენს ნეაპოლელთა ძალას. მაგრამ, გნებავთ ასე თქვით და გნებავთ ისე, 2022/23 წლების „ნაპოლის” სული, დნმ თუ ფილოსოფია — აირჩიეთ ის სიტყვა რომელიც უფრო მოგწონთ — სრულყოფილად მაშინ წარმოგვიდგება, როდესაც ბურთი ლობოტკას, დი ლორენცოს, ჟელინსკის თუ კვარაცხელიას ფეხებთან არის.
მეორე გოლის დროს კარგად გამოჩნდა, რომ „ნაპოლისთვის” ბურთის თავდასხმის ზონაში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის დიდი სამუშაო, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩის განმავლობაში, მთელს მოედანზე გაწია. ტურინში მისი ფაქტორი ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი იყო. ამის დასამტკიცებლად საკმარისია ვთქვათ, რომ ქართველი გარემარბი ბურთს უფრო ხშირად შეეხო (53), ვიდრე ცენტრალური ნახევარმცველები ლობოტკა (49) და ჟელინსკი (43).
როგორც ილუსტრაციაზე ჩანს, კვარას შემთხვევაში მხოლოდ ბურთთან შეხების რაოდენობაც არ არის მთავარი: ის ყველა მიმართულებით მოძრაობს, „კედელს” ათამაშებს როგორც მოედნის სიღრმეში, ასევე კიდისკენ, ღრმად იჭრება მარცხნიდან მარჯვნივ და ამით თანაგუნდელებს შეტევის მრავალფეროვანი გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს”.
შემდეგ ilnapolista ხაზს უსვამს, რომ მეორე გოლში (რომელიც კვარაცხელიას წაქცევისთვის დანიშნულ პენალტით თავად ქართველმა შეაგდო) დიდი როლი ითამაშა კორეელმა ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ-ჯაემ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
