მურალი: კედლის მხატვრობა, ფრესკა; მონუმენტური ფერწერა — ასე წერია უცხო სიტყვათა ლექსიკონში. მურალი აერთიანებს ფრესკას, გრაფიტის, მოზაიკას და სხვას. ჩვენთვის, ქართველებისთვის ფრესკა ისტორიულად არის ცნობილი, ტაძრებში ჯერ კიდევ როდინდელი შედევრები გვაქვს, კედლის მხატვრობის სხვა ფორმები კი ახლა იმკვიდრებს ფეხს.

ნეაპოლში ასე არ არის. ნეაპოლი აგერ უკვე 30 წელზე მეტია დიეგო მარადონას მურალებით არის გადავსებული და მას ამ დღეებში ფორჩელას უბანში ახალი მხატვრობაც შეემატა — ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახეები.

ვეზუვის ძირას „ნაპოლის” ფეხბურთელების თაყვანისცემა გრძელდება, მათ შორის კი როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში განსაკუთრებით ქართველი და ნიგერიელი გამოირჩევიან. დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ბოლო ნახატი ქალაქის ხსენებული რაიონის შესასვლელში, წმინდა იანუარიუსის ცნობილი გამოსახულების უკანა მხარეს გაჩნდა.

ნეაპოლისა და წმინდა იანუარიუსის ხსენებაზე კი კინოს მოყვარულ ქართველს შეუძლებელია არ გაახსენდეს 1966 წელს გადაღებული უკვდავი კომედია „ოპერაცია წმინდა იანუარიუსი” (Operazione San Gennaro) ნინო მანფრედის, ტოტოს და იტალიური კინოს სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით, სადაც ქურდი დუდუ (ნინო მანფრედი) წმინდა იანუარიუსს მისი სამკაულების მოპარვის ნებას სთხოვს და ასე „ქრთამავს”: მე შენ გიყიდი ეუსებიოს და „ნაპოლი” ჩემპიონთა თასს მოიგებს.

დუდუს ეს საქმე არ გამოუვიდა. ეუსებიოს ვარიანტი ჩაიშალა, მაგრამ ამ ამბიდან გავიდა ნახევარი საუკუნე და ვინ იცის იქნებ წმინდა იანუარიუსმა ნეაპოლელებსა და ქართველებს მოწყალე თვალით გადმოგვხედოს, მითუფრო, რომ არაფრის მოპარვას არ ვთხოვთ.

(ფოტოზე ყურადღება მიაქციეთ კვარაცხელიასა და ოსმინეის „ფერხთ” მიტანილ ქოთანს, რომელსაც „იუვე” აწერია. ნეტავ რას შეიძლება ნიშნავდეს ის? მოკლული „იუვენტუსის” ფერფლია თუ ღამის ქოთანი? სხვა ვარიანტებიც არ არის გამორიცხული)