„ძალიან სასიამოვნოა, ლუჩანო სპალეტი ასე რომ მენდობა. მეც, ჩემი მხრივ, ვცდილობ მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო და მწვრთნელს ნდობა გავუმართლო. ის ძალიან მომთხოვნია, ვარჯიშზეც კი მაქსიმუმს გვთხოვს. მოედანზე გასვლის წინ მოტივაციას გვაძლევს. მისი დამოძღვრილები საუკეთესო თვისებებს ვამჟღავნებთ”, — თქვა „ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელზეც იტალიურმა გაზეთმა „ილ მატინომ” იხუმრა, ბოლო შეხვედრაში, ემპოლიში, მეტოქეს ერთნახევარი გოლი გაუტანაო. ნიგერიელმა დასძინა:

„ემპოლიში გვინდოდა შური გვეძია იმაზე, რაც ამ სტადიონზე შარშან გადაგვხდა, როდესაც 2:0-ს ვიგებდით და ბოლო ათ წუთში წავაგეთ. ამჯერად გავიმარჯვეთ, რამაც ძალიან გაგვახარა. რთული თამაში იყო.

მიმდინარე სეზონში ჩემი საქმეები დიდებულად მიდის. თუ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამთვლიან, გამიხარდება. ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული იქნება.

ხშირად ერლინგ ჰოლანდს მადარებენ. ის უძლიერესი ფეხბურთელია. ჩემი მხრივ, მინდა კარიერაში მაქსიმუმი გავაკეთო.

დიდიე დროგბა? დიდებული გრძნობაა, როდესაც ფეხბურთელი, რომელსაც ბავშვობაში ეთაყვანებოდი გამხნევებს. სოციალურ მედიაში მისი მესიჯი რომ აღმოვაჩინე, თავი ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი. მისი ნდობა ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა”.

დღეისათვის ოსიმენს სერია A-ში 19, ყველა შეჯიბრებაში კი 21 გოლი აქვს გატანილი. ის თავისი ნიღბით „ნაპოლის” სახეა და ახლა ტორტიც გახდა. „ემპოლისთან” მატჩის შემდეგ ერთ-ერთმა ნეაპოლურმა საკონდიტრომ შექმნა დესერტი შოკოლადის ბეზეთი და თეთრი შოკოლადით რომელსაც ცხადია ოსიმენი დაარქვა.