„პარმას” ოდინდელმა ვარსკვლავმა, კოლუმბიელმა ფაუსტინო ასპრილიამ „ლა გაძეტა დელო სპორტს” ინტერვიუ მისცა, სადაც ერთი ძველი ისტორია გაიხსენა:
„ერთხელ, ვარჯიშის დროს, ლუიჯი აპოლონიმ მითხრა: თუ შენ აქედან ჩვენს პრეზიდენტს ბურთს გაარტყამ, სადილზე დაგპატიჟებ. პრეზიდენტი ოცდაათი მეტრის მოშორებით იდგა. მე გამოვიქეცი, ძალიან ძლიერად დავარტყი და… პირდაპირ თავში მოვახვედრე. პრეზიდენტი დაეცა. ის შოკში იყო. მეც დავიზაფრე. მუხლებზე დავეცი და ყვირილი მოვრთე: პრეზიდენტი მოვკალი, პრეზიდენტი მოვკალი! მართლა მეგონა, რომ პრეზიდენტი მოვკალი. მეგონა, ვეღარასოდეს წამოდგებოდა. შემდეგ, მივუახლოვდი და დავინახე, რომ სუნთქავდა. დავწყნარდი…”
შემდეგ კი ასპრილიამ ახლანდელ სერია A-ზე ილაპარაკა და თქვა, რომ მას იტალიის ჩემპიონატი არ მოსწონს, იქ მაღალი კლასის, შემოქმედებით ფეხბურთს აღარ თამაშობენ.
„ოსიმენი მართლა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე თუ მჯობია? მოდი, შეგახსენებთ, რომ მე სერია A-ში მარკო ვან ბასტენის, რუუდ გულიტის, ფრანკო ბარეზის, პაოლო მალდინის, ალესანდრო დელ პიეროს და რობერტო ბაჯოს დროს ვთამაშობდი. იმისთვის, რომ გოლი გამეტანა ისეთი მცველებისთვის უნდა მეჯობნა, როგორებიც იყვნენ ალესანდრო კოსტაკურტა, პიეტრო ვერხოვოდი და ზემოთ ნახსენები ბარეზი. და მე ხანდახან მათ მოტყუებას ვახერხებდი. დღევანდელი მცველები კი ვინ არიან? ვის წინააღმდეგ თამაშობს ოსიმენი? დღევანდელი და ჩემი პერიოდის ფეხბურთის შედარებაც არ შეიძლება.
ვინ მომწონს? ლეაოს არა უშავს, მაგრამ პრაგმატიზმი აკლია. ორ კაცს რომ მოატყუებ, გოლიც უნდა გაიტანო. ჩემთვის ბურთის საჯარიმოში ჩაკიდება და შუაში მოკლე პასი საკმარისი არ არის. ლაუტაროც კარგია, მაგრამ ერნან კრესპოსა და აბელ ბალბოს ფრჩხილადაც არ ღირს. ლუკაკუ მარტო კუნთებია, არადა ფეხბურთი ფანტაზია გახლავთ”.