No description available.

ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო.

მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან შეკრულ წრეში ლამაზ გოგონას ხელი სთხოვა, თანხმობაც მიიღო და ასე, ავჭალური ყიჟინის თანხლებით კიდევ ერთი ლამაზი ოჯახის შექმნის მომსწრენიც გავხდით! ვულოცავთ ნოდარ ჭეიშვილს და ნინუცა არეშიძეს! მრავალჟამიერ!

ახლა წმინდა სპორტულ დღესასწაულზეც ვთქვათ. რაღა თქმა უნდა, ქართველების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რადგან გერმანიის დონე ჩვენსაზე ბევრად დაბალია. ინტრიგა მხოლოდ იმაში იყო, თუ რამდენ ლელოს გაიტანდნენ ქართველები, ვინ გაიტანდა ყველაზე მეტს, როგორ გამოიჩენდნენ თავს დებიუტანტები, რა ფორმაში არიან ლიდერები და ა.შ…

შედეგიდანაც ჩანს, რომ უპირატესობა მართლაც უდიდესი ჰქონდათ ბორჯღალოსნებს, ცხადია, ყველა სათამაშო რგოლსა და კომპონენტში, მაგრამ საუბარი სულ სხვა რამეზეა. ნაკრებმა სეზონის სტარტზე მართლაც შთამბეჭდავი რაგბი ითამაშა – სრული მობილიზებითა და კონცენტრაციით. მართალია, მეტოქეს მომენტ-ნახევარი ჰქონდა შესატევად და ორივე ლელოთი დასრულდა, თან მეორე შემთხვევაში მსაჯმა გერმანელთა მხრიდან წესების დარღვევაზე თვალი დახუჭა. სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა 11 ლელო მიართვა გერმანელ სტუმრებს! თან როგორი ლელოები?! თერთმეტივე – ექსტრაკლასის, მაღალოსტატური!

No description available.ლუკა მატკავა ნაკრების კვართში სულ მესამედ იყო გამოწყობილი, მაგრამ ისე უნარიანად უძღვებოდა გუნდის შეტევებს, კაცი იფიქრებდა, ძირძველი ბორჯღალოსანიაო. მაგრამ ამ ახალგაზრდა მგეზავმა ჯერ ხომ თავისი უშუალო ფუნქციები შეასრულა ძალზე უნარიანად, თავადაც გაიტანა ერთი მშვენიერი ლელო და გარდა ამისა, 11-დან 10 ლელო გარდასახა კიდეც, მათ შორის – რამდენიმე ურთულესი. მატკავამ მატჩი 25 ქულით დაასრულა და დაამტკიცა, რომ გასულ ნოემბერში, კარდიფში მისი ტრიუმფალური გასროლა შემთხვევითი სულაც არ ყოფილა! მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც ის დასახელდა.

აკა ტაბუცაძემ პირველივე ტაიმში ხეთ-თრიქი შეასრულა და ნაკრების ისტორიაში მოწინავე მელელოვეთა კვარტეტში შემოაბიჯა ჯამური 22 ლელოთი.

ოთარ ლაშხმა დებიუტი ლამაზი ლელოთი აღნიშნა – მისი დიდი ბაბუის, მიხეილ მესხის საყვარელ მარცხენა ფრთაზე ტყვიასავით შევარდა ჩათვლის მოედანზე.

პირველ ტაიმში კიდევ თითო ლელო ვეტერანმა კოტე მიქაუტაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ მიითვალეს. კოტემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, გაარღვია რა დაცვა ერთი მიძალებით, თორნიკემ კი, 8 ნომრის პოზიციაზე, შერკინებას ლელოში შეყვა , ბურთი ფეხით შეიყოლა და ბოლოს ხელითაც შეეხო – 42:0, ასე დასრულდა ტაიმი.

მეორე ნახევარში 5 ლელო დაიდო, მათგან 3 საკუთარ ანგარიშზე გიორგი ცუცქირიძემ ჩაიწერა, მათშორის ორი – მოლის შემდეგ. ტოპ 14-ის გასულ ტურში გიომ ასეთივე ლელო თავისი „სტად ფრანსეს“ კვართით მიითვალა და ეს საქმე ავჭალაში წარმატებით გააგრძელა.

No description available.ერთი კარგი კომბინაციური ლელო მიხეილ ალანიამ გაიტანა, რომელმაც თორნიკე კახოიძის ლამაზი გარღვევა დააგვირგვინა. ეს მიშიკოსთვის პირველი სანაკრებო ლელო იყო. ჰოდა, მატკავას ლელოს ჩათვლით 11 მივიღეთ, რაც კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ, თუნდაც მეტოქედ გერმანიასავით სუსტი გუნდი გვყავდეს. აქვე აღვნიშნავთ თენგიზ ზამთარაძის დამაჯერებელ დებიუტს სამარქაფო კვაჭის პოზიციაზე, ასევე შექებას სერგო აბრამიშვილი იმსახურებს – 19 წლის ბურჯმა სადებიუტო შეხვედრა მრავალნაცადი ოსტატივით ჩაატარა.

ბუკა შარიქაძის არყოფნის პირობებში ბექა საღინაძეს კაპიტნის ფუნქციები დაეკისრა და „ლიონის“ 24 წლის მესამეხაზელმა ძალიან სოლიდურად ულიდერა გუნდს.

დაბოლოს, გამორჩეული მოვლენაც უნდა აღინიშნოს: ლაშა მალაღურაძემ მე-100 სანაკრებო მატჩი ჩაატარა, თავის ჩვეულ 12 ნომერზე ითამაშა, მაგრამ პერიოდულად მეორე მგეზავის ფუნქციებსაც ასრულებდა. თავისი საფირმო ფეხით შეცურებაც რამდნჯერმე შეასრულა და პუბლიკაც აღაფრთოვანა. ვულოცავთ ლაშას ცენტურიონის საპატიო წოდებას. შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრების ისტორიაში მალაღურაძე მეხუთე ცენტურიონია.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში იქაურ ნაკრებთან შაბათს, 11 თებერვალს გამართავს.

No description available.