სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა, 2022 წელი შევაჯამეთ.
სპორტული მედიის წარმომადგენლებმა საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დავასახელეთ. მან 156 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის პირველ ნომერ ტატო გრიგალაშვილს (141) მცირედით აჯობა. მესამე ადგილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას (112) დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა, რაც რეკორდია.
ქალთა შორის საუკეთესო ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (75) გახდა. მეორე ადგილზე ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა (64) გავიდა, ხოლო მესამეზე მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი (23).
ეთერ ლიპარტელიანმა ზედიზედ მესამედ ირგუნა საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდება.
2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელია (36) გახდა. მეორე ადგილზე ალექსანდრე წივწივაძე (28) გავიდა, ხოლო ბატუტზე მხტომელი ანანო აფაქიძე (26) მესამე იყო.
ხვიჩა ზედიზედ მეორედ გახდა ამ ნომინაციის გამარჯვებული.
წლის მწვრთნელად ძალოსანთა ნაკრების თავკაცი გიორგი ასანიძე (46) დავასახელეთ. ძიუდოისტთა დამრიგებელი ლაშა გუჯეჯიანი (41) მეორე გახლდათ, ხოლო მორაგბეთა ეროვნული გუნდის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი (39) მესამე.
2022 წლისსაუკეთესო გუნდად ფეხბურთელთა ნაკრები (67) ვთქვით. მეორე ადგილზე მორაგბეები (66) გავიდნენ, ხოლო წყალბურთელებმა (15) მესამე ადგილი დაიკავეს. ჟურნალისტებმა მეორედ გამოვავლინეთ წლის პარასპორტსმენები: ამჯერად, მთავარი პრიზი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს ხვდა წილად. ვაჟთა შორის კი, საუკეთესოდ აკაკი ჯინჭარაძე (პარაწოლჭიმი) დასახელდა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში მონაწილეობა 73-მა ჟურნალისტმა მიიღო.