„ნაპოლი” პირველ ადგილზეა, ყველაზე მეტი (46) გაიტანა და ყველაზე ნაკლები (14) გაუშვა. გუნდი პირველი წრის შემდეგ ბევრი პარამეტრით დაჰყურებს ზემოდან ყველას. 19 ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს 50 ქულა აქვთ. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში ადრე არ მომხდარა, მაგრამ განა მარტო „აძურის”, პირველი წრის შემდეგ 50 ქულა სერა A-ს ისტორიაში ბარე ორს არ ჰქონია — მესამე შედეგია. რომაული გამოცემა „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ნეაპოლელთა თამაშის ცქერა საყურებლადაც საამოა. ისინი ჯიქურ მიიწევენ მეტოქის კარისკენ, სულ თავდასხმაზე არიან მომართულები, თამაშს აკონტროლებენ, მეტოქეს აბრუებენ, შემდეგ კი ხელსაყრელ მომენტს უხელთებენ და ნოკაუტში აგდებენ.
50 ქულა რასაკვირველია მთავარია, მაგრამ „პარტენოპეელთა” მიღწევა მარტო ეს არ არის. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ში ბურთის ფლობაშიც ყველას სჯობს — ერთ შეხვედრაში დროის საშუალოდ 33,39%-ის განმავლობაში ბურთს ნეაპოლელები აგორებენ, მაგრამ „კორიერე დელო სპორტის” კატეგორიული განცხადებით ეს არ არის ყბადაღებული ტიკი-ტაკა ან მაურიციო სარის „სარიზმი”, ეს თანამედროვე ფეხბურთია, რომელსაც პრეცედენტი არ ჰქონია. მისი იდეა გამწვავების უწყვეტი ძებნაა. სწორედ ამით აიხსნება პირველობა კარში დარტყმებით — 328. საინტერესოა, რომ კარში დარტყმების მაჩვენებლით „ნაპოლის” მოსდევს „ფიორენტინა”, რომელსაც შესაბამისად ბურთის ფლობაშიც მეორე ადგილი უჭირავს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ნაპოლის” სადღეისოდ 46 გოლი აქვს გატანილი და ამ გოლებიდან 37 უშუალო საგოლე პასის შედეგი იყო. განვმარტოთ: ამ 37 გოლში არ შედის მაგალითად „ნაპოლის” პირველი გოლი „იუვენტუსის” კარში, როდესაც კვარაცხელიას მაკრატელა მეკარემ მოიგერია და ვიქტორ ოსიმენმა შემდეგღა დაამატა. „აძური” საგოლე პასების რაოდენობითაც ყველას სჯობს.
და ბოლოს ძელისთვის გარტყმული ბურთების რაოდენობით „ნაპოლი” მეორე ადგილზეა — მან ათჯერ გაარტყა ბურთი კარის ჩარჩოს, „ფიორენტინამ” კი ცამეტჯერ.