milan naples4 იანვარს, „სან სიროზე”, „ინტერი” ხვიჩა კავარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება შეხვედრა, რომლითაც ამ ორი გუნდისთვის (მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ) სერა A განახლდება, მაგრამ რაც უფრო მთავარია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს იქნება ძალიან პრინციპული მატჩი. მის შედეგს სკუდეტოსთვის ბრძოლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე მაგალითად, თუ ნეაპოლელი სტუმრები გაიმარჯვებენ, ისინი „ნეროაძურის” 14(!) ქულით გაასწრებენ.

მაგრამ, როგორც ჩანს „ნაპოლის” მილანის ლეგენდარულ სტადიონზე გულშემატკივარი არ ეყოლება — მთელი სტადიონი „ინტერს” დაუჭერს მხარს. მიზეზი: მილანის პრეფექტ რენატო საკონეს გადაწყვეტილებით კამპანიის რეგიონიდან ჩასულ გულშემატკივარს ბილეთს არ მიჰყიდიან. „აძურის” ფანები იმ სექტორშიც კი ვერ შევლენ, რომელიც წესით მათთვის უნდა იყოს გამოყოფილი.

ვაზუსტებთ: პრეფექტის განკარგულების შესაბამისად, კამპანიას რეგიონის მაცხოვრებლებს, მათაც კი, ვისაც ფან-ბარათი აქვს, „ინტერ”-„ნაპოლის” თამაშზე არ შეუშვებენ. გულშემატკივრებს, რომლებმაც ბილეთი უკვე შეიძინეს, ფული დაუბრუნდებათ.

გადაწყვეტილება მიღებულია სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების ანალიტიკური კომიტეტის გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციაზე დაყრდნობით, რომელიც 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.