Khvicha Kvaratskhelia player of Napoli and Diego Collado player of Villareal, during a friendly match that between Napoli vs Villareal final result,...„ნაპოლიმ” „დიეგო მარადონაზე” ამხანაგური შეხვედრა წააგო ესპანურ „ვილიარეალთან” — 2:3. ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მეორე გოლი გაიტანა, პენალტით, რომელიც ალესიო ძებრინმა მოიპოვა. გთავაზობთ „ლა გაძეტა დელო სპორტის” მიმოხილვას:

„საგანგაშო არ არის, მაგრამ ბრწყინვალე ნამდვილად არ ყოფილა. „ნაპოლიმ” „მარადონაზე” 2:3 წააგო „ვილიარეალთან”, რომელშიც მისი ნაქები ყოფილი ფეხბურთელები პეპე რეინა და რაულ ალბიოლი თამაშობდნენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავი” კერკეტი მოწინააღმდეგე გამოდგა, ზედგამოჭრილი ნეაპოლელთა ფეხებისა და ფილტვების შესამოწმებლად „ინტერთან” 4 იანვრის მატჩის წინ. თუმცა მანამდე ფუორიგროტაში კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა შედგება — „ლილთან”. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს სეზონის განახლებამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩამორჩენილი ჩანდა.

„ნაპოლის” არ ჰყავდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელები, ამირ რაჰმანი და მატეო პოლიტანო კი ტრიბუნაზე ისხდნენ. ასეთ პირობებში ლი მთელი ყურადღება სამ ტენორზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ვიქტორ ოსიმენსა და ჯაკომო რასპადორიზე გადავიდა. რასპადორი 4-2-3-1 განლაგებაში მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, ელიფ ელმასი კი მარჯვნივ გაწეული „ტაქტიკური ვინგერის” ფუნქციას ასრულებდა. სინიშა მიხაილოვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის შემდეგ შეხვედრა თავბრუდამხვევ ტემპში დაიწყო. ესპანელები დრიბლინგს თავდაჯერებულები მიმართავდნენ, მე-13 წუთზე კი საუცხოო კოლექტიური მოქმედებების შედეგად ანგარიშიც გახსნეს. გოლი „ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილმა ნახევარმცველმა ფრანგმა ეტიენ კაპუმ გაიტანა.

ამ გოლიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ვიქტორ ოსიმენმა მეტოქისგან, იერემი პინოსგან საშობაო საჩუქრის შესაფერისო პასი მიიღო და ყოყმანის გარეშე შეაგდო გოლი რეინას კარში.

მეორე ტაიმში „ნაპოლიმ” ჯანლუკა გაეტანოსა და ძებრინს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ამ ცვლილებებმა ბევრი არაფერი შეცვალა — „ვილიარეალმა” ხუთ წუთში სამჯერ დაურტყა მასპინძლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, შეტევა შეტევას ცვლიდა, თამაშით კი იბერიელები სჯობდნენ. სენეგალელი ნიკოლა ჯეკსონის გოლმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა სტუმრად კონტრშეტევაზე თამაშის უპირატესობა, თან ამ ეპიზოდში ჯოვანი დი ლორენცო შეცდა. ხერარდ მორენოს მესამე გოლი კი დიეგო დემეს ლაფსუსის შედეგი გახლათ.

ასეთ ვითარებაში „ნაპოლისთვის” მდგომარეობის გამოსწორება უკვე რთული იყო. თამაშის კალაპოტი კვარაცხელიას მიერ გატანილმა პენალტმა შეცვალა. პენალტი ძებრინმა მოიპოვა, მაგრამ „აძურიმ” ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.