შეიძლება იყოს 1 ადამიანი and მდგომარე გამოსახულებაქუთაისის „ტორპედომ“ თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. მათი დამრიგებლისთვის, 44 წლის კახა ჩხეტიანისთვის კი ეს მესამე  სათასო ტრიუმფი გახლდათ მწვრთნელის რანგში. „ტორპედო“ მომავალ სეზონში საქართველოს კონფერენციის ლიგაში წარმოადგენს.

წლევანდელი ფინალი მართლაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებული გახლდათ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“: ქუთაისის „ტორპედოს“ მეოთხელიგელი (!) თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდა.

ასეთ უცნაურობას, ალბათ კიდევ კარგა ხანს ვეღარ ვიხილავთ. მეოთხელიგელის წარმატებული სათასო სვლა ქართულ სინამდვილეში მხოლოდ ერთხელ გვახსენდება – 2019 წელს „გარეჯმა“ მიაღწია ნახევარფინალამდე და საგარეჯოში სწორედ „ლოკომოტივთან“ დამარცხდა (2:3). ახლა „გარეჯი“ ლიგა 2-ში თამაშობს.

ჭაბუკ რკინიგზელებს ლაშა ჭაღიაშვილი წვრთნის, რომელმაც სეზონი „ლოკომოტივის“ მთავარ გუნდში დაიწყო, მაგრამ ცუდი შედეგების გამო აპრილის დასაწყისში გაათავისუფლეს. შედეგად მთავარი „ლოკომოტივი“ ელიტიდან გავარდა, მისმა მეორე გუნდმა კი თასის გათამაშებიდან სხვებთან ერთად, ლიგაერთელები: „სამგურალი,“ „თელავი“ და „საბურთალო“ გამოთიშა…

ტორპედოელებს კი საამაყოდ ნახევარფინალში თბილისის „დინამოს“ ძლევა ჰქონდათ (2:0).

შეიძლება იყოს 2 people გამოსახულებაცხადია, მოტივაცია არცერთს აკლდა, სასწორზე ხომ ევროთასის საგზური იდო. ფავორიტად, ცხადია, ქუთათურები მიიჩნეოდნენ და მათ მოლოდინი არ გაუცრუებიათ საკუთარი გულშემატკივრებისთვის.

პირველი ტაიმის შუაწელიდან ისინი საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. გიორგი კუხიანიძემ ძელს მოარტყა ბურთი. კარგი მომენტები ჰქონდა პარაგვაელ მაურო კაბალეროს, თუმცა ყოჩაღად ირჯებოდა საქართველოს 17-წლამდელთა მეკარე, 16 წლის ლოკომოტიველი სოსო კოპალიანი.

გოლი მწიფდებოდა და მეორე ნახევრის დასაწყისში ტორპედოელებმა ანგარიში გახსნეს: გიორგი არაბიძის კუთხურს 54-ე წუთზე კაბალიეროს გოლი მოჰყვა. 7 წუთში გიორგი ქიმაძემ გააორა.

შემდეგ საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ქუთაისელებმა მშვიდად მიიყვანეს თამაში გამარჯვებამდე. ჭაბუკმა „რკინიგზელებმა“ კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერეს სახელი.