იტალიური პრესა მიიჩნევს, რომ „ლივერპულთან” 0:2 წაგების მიუხედავად „ნაპოლიმ” „ენფილდზე” მაინც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა — მთელი 80 წუთის განმავლობაში ტაბლოზე 0:0 ეწერა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულებისამებრ გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა — შესაძლოა ნაკლებად მკვეთრი იყო, მაგრამ მისგან სულ ხიფათო მოდიოდაო.
ქვემოთ გთავაზობთ იტალიური გაზეთების შეფასებებს. როგორ დაინახეს მათ ქართველი გარემარბი თამაშში, რომელშიც მართალია გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ერთი ფორმალურად ალბათ სწორი, მაგრამ რეალურად სასაცილო მიზეზით არჩათვლილი გოლის თანაავტორი გახდა, ერთხელ საჯარიმოში მისი აშკარა წაქცევა მსაჯმა და VAR-მა რატომღაც ყურადღების ღირსად არ მიიჩნია და მეტოქის მინიმუმ ორი ფეხბურთელი სულ თავის ახლოს ჰყავდა დაბმული.
კორიერე დელო სპორტი 6.5 — თამაში ალექსანდერ-არნოლდისთვის ბურთის ფეხებს შორის გაძვრენით და 16 წუთში სამი აჩქარებით დაიწყო, მაგრამ ამ ეპიზოდებს შედეგი არ მოჰყოლია: დაახლოებით ასეთი იყო მთელი პირველი ტაიმი. მეორე ტაიმში კი ის ახრჩობს მარცხენა ფლანგიდან, რაც შეხვედრის სიმბოლოც კი გახლდათ.
გაძეტა დელო სპორტი 6.5 — მისმა ზოგიერთმა მოქმედებამ კლოპის ყვირილი გამოიწვია. მაგალითად, როდესაც მან ბურთი დამალა, შემდეგ კი ნდომბელეს გადააწოდა.
ილ მატინო 6 — დაიწყო თუ არა თამაში, მარგალიტი შექმნა, ალექსანდერ-არნოლდს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. როდესაც ქართველი ტემპის აკრეფას ახერხებდა, მას ჰქონდა ორნაირი გაგრძელება — ფრთაზე გავარდნა და მარცხნიდან ჩაკიდება ან შიგნით შეჭრა და მარჯვენა ფეხით კარში დარტყმა. ერთ ეპიზოდში, როდესაც ოსიმენმა ჩააწოდა, უკეთ შეძლო ჩინებული შანსი გამოეყენებინა.