სპორტულო დირექტორებო, მწვრთნელებო, შუამავლებო, რომელთათვისაც კვარაცხელიას ფენომენი უცხო არ იყო, ხელი აწიეთ. განა დე ლაურენტისმა, ჯიუნტოლიმ და მათმა პარტნიორებმა წლის გადატრიალება არ მოახდინეს? ძაკარდო, საკვანძო ფიგურა გახდა, არადა, ოპერაციაში გვიან ჩაერთო. კითხვა კი ასეთია: თუკი კვარაცხელია თქვენთვის უცნობი ფიგურა არ იყო, რატომ ჩამოვიდა იტალიაში მხოლოდ სამი თვის წინ?
ანჩელოტიმ აღიარა, რომ „აძურიში” მუშაობის დროს მასზე ცოტა იფიქრა (შემდეგ კი ხამეს როდრიგესის ყიდვა მოითხოვა). ასე იყო გატუზოც. ყველაზე სამწუხარო რამ გადახდა მაურიციო სარის, რომელიც სხვადასხვა დროს „ნაპოლის”, „იუვენტუსს” და „ჩელსის” წვრთნიდა. ის ამბობს, რომ ქართველი კარგა ხნის წინ აღმოაჩინა. მან „ლაციოში” მეგობრებს უამბო, რომ „იუვენტუსის” ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ სამი წლის წინ სთხოვა კვარაცხელიას შეძენა. სარის მისი თამაში „რუსთავის” შემადგენლობაში უნახავს და მაშინვე მონდომებია ბიჭის შეძენა. მაშინ, „იუვენტუსის” ტრანსფერების შეფი იყო პარატიჩი, რომელიც ჯიუნტოლის ახლო მეგობარია. ის არ იყო დარწმუნებული, რომ ქართველი ახალგაზრდის შეძენა სწორი ნაბიჯი იქნებოდა, ხოლო როდესაც სარი გუნდიდან გაუშვეს და კიეზა აიყვანეს, საერთოდ დაივიწყა მისი ამბავი.
გასულ ზაფხულს, კვარას შეძენა პარატიჩიმ ტარესა და ლოტიტოს („ლაციოს” მეპატრონე) შესთავაზა, მაგრამ როდესაც თეთრ-ცისფერების ლიდერებმა პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა სცადეს, ძაკარდომ ისინი ფაქტის წინაშე დააყენა — შუამავალს უკვე „ნაპოლი” ჰყავდა შერჩეული. დიდი ბოდიში, მაგრამ ჯიუნტოლის ჯერ კიდევ იანვარში დაუჭერია თადარიგი. მას კვარას შესახებ „მილანელთა” ძველმა ვარსკვლავმა, ვეტერანმა ქართველმა მცველმა, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ შეატყობინა. თან, „მილანს” უკვე ჰყავდა ლეაო, ტექნიკური თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად მსგავსი ფეხბურთელი, ამიტომ „როსონერის” მხრიდან აქტიურობა სწორი არ იქნებოდა.
კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო რამდენიმე ინგლისური კლუბიც. მათ ყაზანის „რუბინს” მიმართეს, მაგრამ რუსული კლუბი 25 მილიონს ცენტს არ აკლებდა. მისი მადა უკრაინის ომმა შეამცირა. ჯიუნტოლის დიდი პლიუსი კი აღმოჩნდა ის, რომ მას „რუბინთან” ურთიერთობა წუთით არ შეუწყვეტია. მან იცოდა, რომ დადგებოდა ხელსაყრელი მომენტი, მაშინ როდესაც ნახევარი ევროპა სიძვირის გამო ვაჭრობას თავს ანებებდა.
დღეს ხვიჩა კვარაცხელია ორჯერ მეტი ღირს, ნეაპოლი ფეხებში ეგება, ხოლო საქართველოში, როგორც ერთმა გაზეთმა დაწერა, იმ კვირაში, რომელშიც „ნაპოლი” არ თამაშობს, ერი მოწყენილია.
დომენიკო დ’აუსილიო, „ილ მატინო”
