„ვალენსიამ” შინ წააგო „მალიორკასთან” — 1:2. „მარკა” წერს, რომ საპრესკონფერენციო დარბაზში შესულ „ღამურების” მწვრთნელს, იტალიელ ჯენარო გატუზოს მარცხის სიმწარე სახეზე ეწერა. ხელის მოცარვას ის თავის თავს აბრალებდა: „წაგება ჩემი ბრალია, რადგან დღეს უკანმოუხედავად მოვიწადინე მოგება, მოედანზე მარკოს ანდრე და უგო დურო შევიყვანე, რამაც ცუდი შედეგი მოიტანა. მე გამარჯვება, მინდოდა, მაგრამ მოვლენათა ფორსირებამ ვერ გვიშველა. მარცხზე პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა ჩემს თავზე ვიღებ”.
რაც შეეხება „ჩეების” მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშს, მასზე მეორე გავლენიანი ესპანური გამოცემა AS წერს: „ქართველი მეკარე სწორად თამაშობდა, აქ სალაპარაკო არაფერია. ერთ ეპიზოდში ლაფსუსი მოუვიდა, მაგრამ პრობლემა თავად მოაგვარა და ამ ეპიზოდს თამაშზე გავლენა არ მოუხდენია”.
„ვალენსიას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი პრეს-კონფერენცია უფრო ვრცლად წერია და იქ ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს გატუზოსთვის უკითხავს:
– თქვენ ვეტერანი მეკარის იაგო ერერინის აყვანას მისი გამოცდილებით ხსნიდით. როგორ ფიქრობთ, ეს გამოცდილება დღევანდელის მსგავს მარცხებს ხომ არ აგვაცილებს თავიდან?
ამ კითხვაზე გატუზომ უპასუხა: „ლაპარაკი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა, ძალიან ადვილია. იაგოს დიდი პატივისცემის მიუხედავად, მამარდაშვილის თამაში განხილვის თემა არ არის, წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. აქ მოსვლა და გამოცდილებაზე ლაპარაკი კი იოლია. 63-ე წუთამდე გამოცდილება ხომ არც კი გაგვხსენებია. ძალიან კარგად ვიცი, რომ ის, რაც დღეს მოხდა ხდება და მომავალშიც მოხდება. მთავარია მუშაობა განვაგრძოთ, ხოლო იმის თქმა, რომ რომელიმე ბიჭი არ ვარგა, ძალიან იოლია. ჩვენ გუნდი ვართ, პასუხისმგებლობა კი ჩემზეა”.
ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილისთვის პრეტენზიის წაყენება (თუკი ესპანელი ჟურნალისტის კითხვა ამას გულისხმობდა) სრულიად გაუგებარია. ვეთანხმებით AS-ს ქართველი მეკარის შეფასებაში და დავძენთ, რომ შეუძლებელია რომელიმე ფეხბურთელს ყოველ შეხვედრაში სწორი თამაშის გარდა ვარსკვლავური თამაში და არცთუ ძლიერი გუნდის გადარჩენა მოთხოვო. ჯობს „ღამურებმა” ყურადღება იმაზე გაამახვილონ, რომ ბოლო 8 გაშვებული გოლიდან 7 მეორე ტაიმზე მოდის, რასაც უეჭველად ექნება კონკრეტული მიზეზი.
გატუზო ძალიან უკმაყოფილო იყო, რომ ბოლო 30 წუთში მისმა გუნდმა უნიათოდ ითამაშა.