Gabriel Martinelli broke the deadlock at Selhurst Park in the 20th minuteპრემიერლიგა დაიწყო! „არსენალმა” აჩვენა, რომ სხვა გუნდია და იმას, რაც ერთი წლის წინ, გასული სეზონის პირველ ტურში დაემართა, აღარ გაიმეორებს. შარშან, 13 აგვისტოს „მეთოფეებმა” ბრენტფორდში 0:2 წააგეს. ამჯერად, სტუმრად, „კრისტალ პალასს” პირველი გოლი გაბრიელ მარტინელიმ გაუტანა, მეორე კი მარკ გუეიმ 85-ე წუთზე თავის კარში შეაგდო.

გულახდილად რომ ვთქვათ, მიკელ არტეტას გუნდს საჩემპიონო თამაში ნამდვილად არ უჩვენებია, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო, გაზრდილი ჩანს. აპრილში, ამავე სტადიონზე „კრისტალ პალასმა” „არსენალს” 3:0 მოუგო და ის ფიასკო ჩრდილო ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრად დაუჯდათ. ახლა  სტუმარი კერკეტი კაკალივით იყო.

ერთი ხნის წინ ინგლისში აჩვენეს დოკუმენტური სერიალი „ყველაფერი ან არაფერი”, სადაც არტეტა გამოყვანილია მწვრთნელად, რომლისთვისაც მთავარი არის მოტივაცია. ამის გამო ესპანელს ბევრმა დასცინა, მაგრამ თუკი გუშინ „სელჰარსტ პარკზე” რამე თვალნათლივ გამოჩნდა, ეს სწორედ არსენალელთა მონდომება იყო. ხოლო ფეხბურთელი, რომელსაც მონდომება ყოველ მოძრაობაზე ეტყობოდა, გახლდათ 25 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი. „მანჩესტერ სიტის” ყოფილ თავდამსხმელს ახალ კლუბში ჩინებული სტარტი აქვს: ჟესუსი „სიტიდან” „არსენალში” 45 მილიონ გირვანქად გადავიდა და ხუთ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა.

„არსენალის” ახალ შენაძენთაგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა უკრაინელმა ოლექსანდრ ზინჩენკომაც. მოგეხსენებათ, ჟესუსის მსგავსად „ემირეიტ სთედიუმზე” ისიც „მანჩესტერ სიტიდან” გადაბარგდა.

ამრიგად, ეჭვი არ არის, რომ „არსენლი” ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გაძლიერდა, მაგრამ ასევე გაძლიერდა ის ოთხი კლუბი, რომლებმაც გასულ სეზონში მასზე მაღალი ადგილები დაიკავეს. ასე რომ, ინტრიგა შემოგდებულია. დანარჩენი გამოჩნდება.