Sportslens.com-ის თანახმად გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, „ვალენსიას” ნიდერლანდელი მეკარე ჯასპერ სილესენი 30 წელს გადაცილებულ უძვირეს ფეხბურთელთა ყველა დროის ათეულშია. სიაში, რომელშიც შედიან კრიშტიანუ რონალდუ, მირალემ პიანიჩი, რობერტ ლევანდოვსკი, გაბრიელ ბატისტუტა და სხვები, ის მეცხრე პოზიციაზეა.

2019 წელს „ვალენსიამ” სილესენი „ბარსელონასგან” 36 მილიონ ევროდ იყიდა. უფრო სწორად, მაშინ კლუბებმა მეკარეები ნეტო და სილესენი გაცვალეს და შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელების ოსტატობას შორის სხვაობას ფულით დააბალანსებდნენ,  მაგრამ ვინაიდან მხარეები ჯერაც არ გასწორებულან, „ღამურებისთვის” ჰოლანდიელის გაყიდვა პრობლემად არის ქცეული.

მეკარეს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე სურს გამგზავრება, უნდა ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას თავი მოაწონოს, მაგრამ როგორ, როდესაც „ღამურების” გუნდში გიორგი მამარდაშვილის შემცვლელია. ასე აეწყო წინა მწვრთნელის ხოსე ბორდალასის დროს და plazadeportiva-ს თქმით ასეა ახლაც, როდესაც „ჩეები” ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ.

სილესენმა იცის, რომ რეგულარულად სჭირდება თამაში. რამდენიმე კვირის წინ ლაპარაკი იყო მის „ნაიმეგენში” გადასვლაზე, მაგრამ ნიდერლანდური კლუბი „ვალენსიას” მოსაწონ თანხას ვერ სთავაზობს. ყველა დროის 30 წელს გადაცილებულ უძვირეს ფეხბურთელთა ათეული კი ასეთია:

  1. კრიშტიანუ რონალდო „რეალიდან ” „იუვენტუსში”: 120 მილიონი
  2. მირალემ პიანიჩი „იუვენტუსიდან” „ბარსელონაში”: 66 მილიონი
  3. რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნიდან” „ბარსელონაში”: 49 მილიონი
  4. პაულინიო „ბარსელონადან” „გუანგჟუ ევერგრანდეში:: 43 მილიონი
  5. ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსიდან” „მილანში”: 42 მილიონი
  6. კალიდუ კულიბალი „ნაპოლიდან” „ჩელსიში”: 40 მილიონი
  7. რაჯა ნაინგოლანი „რომადან” „ინტერში”: 39 მილიონი
  8. გაბრიელ ბატისტუტა „ფიორენტინადან” „რომაში”: 36 მილიონი
  9. ჯასპერ სილესენი „ბარსელონადან” „ვალენსიაში”: 36 მილიონი
  10. ლეონარდო ბონუჩი „მილანიდან” „იუვენტუსში”: 35 მილიონი