მეორე ამხანაგური შეხვედრა შვეიცარიულ „სენტ გალენთან”, ქალაქ გოსაუში, თავის საზაფხულო ბანაკთან ახლოს, „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის გარეშე ჩაატარა. მოღრუბლულ ამინდში ჯენარო გატუზომ განაგრძო „ღამურებისთვის” ახალი იდეების ჩანერგვა. როგორც plazadeportiva წერს, ამჯერად იტალიელმა მწვრთნელმა, სავარაუდოდ, მეორე შემადგენლობა ათამაშა.
იმაში, რომ „ვალენსია” „სენტ გალენს” ეგრეთწოდებული B შემადგენლობითაც მოუგებდა, ეჭვი არავის ეპარებოდა. ესპანელებს კარში 75-ე წუთამდე ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი ედგათ, შემდეგ კი ის 24 წლის კრისტიან რივერომ შეცვალა.
ისეც არ იყო, თითქოს მასპინძლებმა საერთოდ ვერ შექმნეს სახიფათო მომენტი. 35-ე წუთზე ბურთი სილესენის კარის ძელს მოხვდა, მეორე ტაიმის დასაწყისში შუბერტი ჰოლანდიელ მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ კარში ვერ დაუმიზნა, 57-ე წუთზე კი მამარდაშვილის კონკურენტმა აჩვენა, თუ რატომ არის ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი გოლკიპერი.
თუმცა, 54-ე წუთზე „ჩეების” ფრანგმა ნახევარმცველმა, 20 წლის კობა კოინდრედიმ, რომელსაც უბრალოდ კობას ეძახიან, საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში შეაგდო — 1:0.
61-ე წუთზე გატუზომ მოედანზე შეუშვა გაია, სოლერი, იუნუსი და კასტელეხო ანუ, შემადგენლობა დაამსგავსა იმას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „დორტმუნდს” 3:1 მოუგო. და გედეშის მოედანზე შესვლის მერე ყველაფერი შეიცვალა. 88-ე წუთზე პორტუგალიელმა მეორე გაიტანა — 2:0. ეს იყო მისი მესამე გოლი მეორე ამხანაგურ მატჩში და ამიტომაც ამბობს მამამისი როჟერიო გედეში, ჩემი ბიჭი უკეთეს კლუბში უნდა თამაშობდესო. როჟერიო ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, გონსალოსთვის „ვალენსია” წვრილფეხობააო.
მამა-გედეშს ვაჟის „ბენფიკაში” გადაყვანა უნდა, მაგრამ ლისაბონის გუნდი, როგორც ჩანს, მის მოსაწონ თანხას ვერ იხდის.