ნათქვამია, თუ ფეხბურთის კლუბი საზაფხულო საქმეებს ადრევე მოაგვარებს, სეზონისთვის კარგად მოემზადებაო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ „რეალი” სწორ გზაზე დგას. როგორც კი გაირკვა, რომ კილიან მბაპეს ვერ ყიდულობენ, მადრიდელებმა ვეტერანი მცველი ანტონიო რუდიგერი და 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი აურელიან ჩუამენი შეიძინეს.
წუხანდელ პრეს-კონფერენციაზე „თეთრების” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შემდგომი სატრანსფერო გეგმების შესახებ ილაპარაკა.
„მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ვინმეს ყიდვა არ გვჭირდება”, — უპასუხა იტალიელმა.
და მაინც „რეალის” საკადრო საკითხებზე ბევრს ლაპარაკობენ. ასე მაგალითად, ამბობენ, რომ გუნდიდან მიდის ბელგიელი ედენ აზარი, მაგრამ როდესაც ანჩელოტის ჰკითხეს შემდეგ სეზონში თავდასხმაში ვინ გეყოლებათო, მან ყველას გასაოცრად, ერთ-ერთ შემტევად აზარი დაასახელა.
„ცხრა ნომრის პოზიციაზე დიდი არჩევანი გვაქვს. რასაკვირველია, მთავარი ქარიმ ბენზემაა, მაგრამ კარგად ვიცით, რომ წინ ძალიან უცნაური სეზონი გველის, შუაში მსოფლიოს ჩემპიონატით, ამიტომაც ედენის დონის მოთამაშე ძალიან დაგვჭირდება”.
მას მერე, რაც ლუკა იოვიჩი „ფიორენტინაში” გაყიდეს, „რეალს” თავდასხმაში დარჩა მარიანო დიასი, ბორხა მაიორალი და 21 წლის ხუანმი ლატასა.
თუ აზარი დარჩება, მაშინ „რეალმა” შესაძლოა მართლაც გაუშვას ჩამოთვლილთაგან რომელიმე და მეტიც, ვინმე დაიმატოს კიდეც, რათა განსხვავებული სტილის ფეხბურთელიც ჰყავდეს. საყოველთაო აზრით, მარიანო დიასი უახლოეს მომავალში მთავარ თავდამსხმელობას ვერ შეძლებს.