გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, 25 წლის პარაგვაელი ომარ ალდერეტე, როგორც ჩანს „ვალენსიაში” აღარ დარჩება. მან ამის შესახებ ინსტაგრამ-პოსტი გამოაქვეყნა.
საქმე ის არის, რომ ალდერეტე „ჰერტას” საკუთრებაა. მის და „ვალენსიას” კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც „ღამურებს” პარაგვაელის გამოსყიდვა შეეძლოთ 7,5 მილიონ ევროდ, მაგრამ როგორც ჩანს „მესტალიაზე” ამას არ აპირებენ.
„მადლობელი ვარ კლუბის, ხალხის, ქალაქის. დიდ მადლობას ვუხდი ყველას იმისთვის, თუ როგორ მიმიღეს, რა სიყვარული მაგრძნობინეს. მადლობა კლუბის თანამშრომლებს, თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებიც ვალენსიაში შევიძინე. სიამოვნებით განვაგრძობდი ამ კლუბში თამაშს, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება.
მთელი გულითა და სულით ვუსურვებ კლუბს ყოველივე საუკეთესოს. Amunt (წინ! – ვალენსიურად და კატალონიურად) „ვალენსია”!
ამჟამად ომარ ალდერეტე ასუნსიონში ატარებს შვებულებას და სავარაუდოდ ახალ კლუბს ეძებს.