ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებების ხვალინდელი შეხვედრის შესახებ „ფოცხვერების” თავდამსხმელმა, სლოვაკური „სპარტაკ ტრნავას” 24 წლის თავდამსხმელმა მილან რისტოვსკიმ ილაპარაკა. მან ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს გაუტანა გოლი. ჩრდილოეთ მაკედონიელებმა ბულგარელებთან 1:1 ითამაშეს, გიბრალტარში კი 2:0 მოიგეს.
„პირველ ორ შეხვედრაში ჩვენი ოსტატობა ვაჩვენეთ, — თქვა რისტოვსკიმ, — მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით მეტი შეგვიძლია და ამას უახლოეს შეხვედრებში დავამტკიცებთ. საქართველომ ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, მას საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდა. რთული მატჩი გველის. მეტოქე ჩვენს წინააღმდეგ მოტივირებულია. ის პირველი ადგილისთვის იბრძვის, მაგრამ ჩვენ ჩვენი მწვრთნელის იდეების და საკუთარი კლასის გვწამს. მინდა ამ შეხვედრაში ვაჩვენოთ გამარჯვების ჟინი, ვიბრძოლოთ, ვიყოთ აგრესიულები და ყველა ძლიერი თვისება გამოვამჟღავნოთ.
ჩვენ ყოველ კონკრეტულ მატჩზე ვფიქრობთ. ქართველების თამაში გავაანალიზეთ. ვაპირებთ საკუთარ ფეხბურთზე ვიყოთ მობილიზებული და ამას რამდენიმე ვარჯიში მივუძღვენით. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ.
საკუთარი თავის და გუნდური სულისკვეთების უნდა გვწამდეს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს უძლიერეს თვისებებს ამჯერადაც ვაჩვენებთ”.
რისტოვსკი ჩრდილოეთ მაკედონიელთა მწვრთნელის ბლაგოია მილევსკის ერთ-ერთი ფავორიტია და თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, საქართველოსთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.