ჩრდილოლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა” „არსენალს” 3:0 მოუგო, მისმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი დამარცხებულ კოლეგას მიკელ არტეტას შეუთვალა წუწუნს მორჩიო. სამი გოლიდან ორი პირველ ტაიმში ჰარი კეინმა გაიტანა, ხოლო მასამე შესვენების შემდეგ სონმა დაამატა. შედეგად, „სფურზი” „არსენალს” წამოეწია. ახლა მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა რჩება. გუნდები ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან.
შეხვედრაში იყო სადავო მომენტები. „ტოტენჰემმა” პირველი გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც მსაჯმა პოლ ტიერნიმ სონის წაქცევისთვის დანიშნა. „მეთოფეებს” მიაჩნიათ, რომ ამ ეპიზოდში სედრიკ სოარეშს კორეელის წინააღმდეგ წესი არ დაურღვევია.
იყო კიდევ ერთი დავის საგანი: ტიერნიმ „არსენალის” მცველ რობ ჰოლდინგს 33-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. არბიტრმა ჩათვალა, რომ ჰოლდინგმა იმავე სონს სახეში იდაყვი მიარტყა.
„მეთოფეების” თავკაცი არტეტა ამაზე ისე გაბრაზდა, რომ მატჩის შემდეგ კონტესთან შეხვედრას თავი აარიდა.
„მე მასთან შეხვედრას თავს ავარიდებ, რადგან ორშაბათს, „ნიუკასლთან” კიდევ უნდა ვიდგე სათადარიგოთა სკამთან და ჯობს ამისთვის შევინახო თავი. ტყუილებს ვერ ვამბობ და რომ შევხვდე, დისკვალიფიკაციას მივიღებ. ამიტომ სჯობს თავი შევიკავო. მშვენიერი თამაში გააფუჭეს”, — თქვა ესპანელმა.
„სფურზის” იტალიელმა მწვრთნელმა წყობიდან გამოსულ კოლეგას ასე უპასუხა: „მიკელ არტეტა მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ბევრს წუწუნებს. მგონი აჯობებს ყურადღება თავის გუნდზე გაამახვილოს. ასეთია ჩემი რჩევა. თუ ყურს დამიგდებს, შეუძლია ისარგებლოს.
წითელი ბარათი აშკარა იყო, მაგრამ როდესაც მიზნად წუწუნია დასახული, ამას ყოველ შეხვედრაში მოახერხებ. ექვს თვეში არტეტას უამრავი ჩივილი მოვისმინე. ეს ცუდია, თუმცა მე არ მადარდებს”.
„ტოტენჰემის” და „არსენალის” შეხვედრა წლის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ „არსენალის” თხოვნით გადაიდო. კონტემ მეტოქეს ესეც წამოაძახა:
„მაშინ თამაში კოვიდის გამო გადადეს, არადა „არსენალს” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავდა ავად. მე ეს არ დამვიწყებია. წუწუნი კი მართლა ყველაფერზე შეიძლება. მაგალითად, მე შემიძლია დავიჩივლო, რომ ჩვენ შემდეგი შეხვედრა კვირას, შუადღისას გვაქვს, „არსენალს” კი ორშაბათ საღამომდე ასვენებენ”.