დარვინ ნუნიესის გოლი „აიაქსის” კარში

ინგლისში ბევრს წერენ იმის თაობაზე, რომ ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. სავარაუდოდ ზაფხულში 12 ფეხბურთელი დატოვებს კლუბს.

ამბობენ, რომ ჰოლანდიელს მანკუნიანელთა თავკაცად უახლოეს დღეებში დანიშნავენ. 52 წლის ტენ ჰაგი 2017 წლის შემდეგ „აიაქსს” უდგას სათავეში, თუმცა „გარდიანის” ინფორმაციით „ოლდ ტრეფორდზე” სამ თუ ოთხწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერი მზად არის.

მედიაში გავრცელდა ხმა, რომ „იუნაიტედის” ბოსებმა სატრანსფერო პოლიტიკა მომავალ მწვრთნელს მიანდეს და უკვე ასახელებენ ფეხბურთელებს, რომელთა შეძენასაც ის მოინდომებს.

„მირორმა” კი წამსვლელების სია ჩამოწერა. გაზეთის ინფორმაციით „ოლდ ტრეფორდს” უეჭველად დატოვებენ პოლ პოგბა, ედინსონ კავანი, ნემანია მატიჩი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა და ლი გრანტი. მათ კონტრაქტების ვადა ეწურებათ.

ამათ დაემატებიან ანტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი, ფილ ჯონსი, ალექს ტელესი, აარონ ვან-ბისაკა და ერიკ ბეილი, რომელთაც ტენ ჰაგი გაუშვებს რათა დარჩენილი გუნდი კაპიტალურ რემონტზე „შეაყენოს”. ინგლისელი სპორტული მიმომხილველები წერენ, რომ მანჩესტერელებს ასეთი რემონტი დიდი ხანია არ შეხებია, თუ შეხებია საერთოდ.

ახლა საკითხავია ვის მოიყვანს ნიდერლანდელი მწვრთნელი. ამბობენ, რომ სასურველ მოთამაშეთა სიის სათავეში არიან ჰარი კეინი და დეკლან რაისი, თუმცა ეს ორი ფეხბურთელი კლუბს შეიძლება 200 მილიონი გირვანქა დაუჯდეს.

უფრო რეალისტური და იაფი ვარიანტებია: „ბენფიკას” ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი, რომელმაც მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში, 37 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და „ვულვერჰემპტონის” პორტუგალიელი ნახევარმცველი რუბენ ნევეში, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” ადრეც აინტერესებდათ.