„ვესტ ჰემის“ უკრაინელი ვარსკვლავის ანდრეი იარმოლენკოს ბავშვობის კლუბის სტადიონი რუსებმა მიწასთან გაასწორეს.

„ჩაქუჩების“ 32 წლის თავდამსხმელი ჩერნიჰივში გაიზარდა. ის აქ მას მერე მოხვდა, რაც მისი მშობლები მაშინდელი ლენინგრადიდან, ახლანდელი პეტერბურგიდან გადასახლდნენ. უკრაინის ნაკრების წევრმა კარიერა ადგილობრივ „დესნაში“ დაიწყო.

იარმოლენკო „დესნადან“ გადავიდა კიევის „დინამოში“, შემდეგ კი „დორტმუნდის“ გზას დაადგა, საიდანაც „ვესტ ჰემში“ ამოჰყო თავი.

ამ დღეებში უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც გადაღებულია იური გაგარინის სახელობის 12 ათასიანი სტადიონი რომელიც სტალინის დროს, 1936 წელს აშენდა და ახლა განადგურებულია.

იური გაგარინი გახლდათ საბჭოთა რუსი კოსმონავტი, რომელიც ადამიანთაგან პირველი გაფრინდა კოსმოსში.

ინსტაგრამზე „დესნამ“ დაწერა: „ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ და გავძლიერდებით, ხოლო თქვენ „კეთილო მეზობლებო“ ამით მოგიწევთ ცხოვრება.

ერთად გამარჯვებისკენ! უკრაინელი ხალხი ერთსულოვანია! ეს ჩვენი მიწა-წყალია!“

იარმოლენკომ რუსეთის აგრესიას პირწმინდა გენოციდი უწოდა.

Desna's stadium has been destroyed by Russian shelling

 

The stand has been destroyed

A massive crater has been left on the pitch