ალბანეთის ნაკრებმა საქართველოსთან შეხვედრა უგოლო ფრედ დაამთავრა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ედი რეიას გუნდისგან მეტ ელოდნენ, — წერს ალბანური საიტი panorama.com.al.

ვებ-გვერდი განაგრძობს: „წითელ-შავებისგან” შემტევი ფეხბურთი იყო მოსალოდნელი და დასაწყისში გუნდი მართლაც აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ მეტოქის დაცვაში ნაპრალები ვერ იპოვა. მოწინააღმდეგემ ბროია და მანაი სახიფათო ზონებს გაარიდა. ამიტომ, პირველ ტაიმში ნამდვილი სახიფათო მომენტი მხოლოდ ბოლო წუთებზე ვიხილეთ, როდესაც ჩექიჩიმ დაარტყა სახიფათოდ.

მეორე ტაიმში ალბანეთი მეტ ინიციატივას იჩენდა, რაც ძირითადად ჩიკალეშის ინდივიდუალური მოქმედებებით და ასლანის შორეული დარტყმებით იყო განპირობებული, მაგრამ ესეც ძალიან ცოტა გამოდგა ქართველების მიერ აღმართული კედლის გასანგრევად, რომლებიც თავის მხრივ სტრაკოშას კარში გოლის გატანას უშედეგოდ ცდილობდნენ.

ამრიგად, შეხვედრა დასრულდა 0:0, რაც ყველაზე ლოგიკური გახლდათ, ვინაიდან ამ შეხვედრაში დაცვა თავის საქმეს აკეთებდა, შეტევა კი ედი რეიას მთავარ პრობლემად რჩება. ამ პრობლემის გადაწყვეტა არ ჩანს, რაც ერთა ლიგის მატჩების წინ ძალიან სამწუხარო სიგნალია.