სოკოლ ჩიკალეში 32 წლის თავდამსხმელია, რომელსაც გუშინ, ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში გოლის გატანის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. მატჩის შემდეგ თურქული „ქონიასფორის” ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს იყო მატჩი, რომელიც, ვფიქრობ, უნდა მოგვეგო. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად დაკომპლექტებული, ტექნიკურად ჩინებული გუნდი იყო. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მათზე ზეწოლა ვერ მოგვეწყო. ვრიონის და მე გოლის გატანის შესაძლებლობები გვქონდა. ჩეკიჩისაც ჰქონდა მომენტი. უნდა გაგვეტანა.
კარგია, რომ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. ამით საშუალება გვეძლევა დავინახოთ რაში ვვარგივართ და რა გვაქვს გამოსასწორებელი. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთი ნაკრები, რომელიც ძლიერ მეტოქეებს წინააღმდეგობას უწევს, სუსტებს კი უგებს. მგონი, ამ მიზნამდე ბევრი არ გვაქვს დარჩენილი.
რაც შეეხება გუნდურ თამაშს, ეს მოწინააღმდეგეზეც არის დამოკიდებული. თუ ბოლო ორი შეხვედრით ვიმსჯელებთ, ესპანეთთან მთავარი დაცვა იყო. ჩვენი დონის გუნდებთან კი, რასაკვირველია, სხვანაირად უნდა ვითამაშოთ. საქართველოსთან კომპაქტურად ვმოქმედებდით, საგოლე მომენტები შევქმენით… ივნისში შევეცდებით უკეთ ვითამაშოთ.
…ჩემი მომენტი ვიდეოზე ვნახე. იმწუთას დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლის გატანა შემეძლო. კართან კუთხით ვიყავი და მხოლოდ იქ თუ დავარტყამდი, სადაც დავარტყი. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, ყურადღება ზუსტ დარტყმაზე მქონდა მოკრებილი, მაგრამ არ გამოვიდა”.