აი, უკვე მერამდენე „ოლ სტარზის“ გეიმი მოილია NBA-მ. ზანგის ბიჭების სიჩაუქეს და კონდიციას რომ უყურებ, ფიქრობ, რომ კალათბურთის თამაშს – აქედან ნიუ-იორკს რომ გამოსდები და იქიდან ლოს ანჯელესს – აზრი არა აქვს. თუ კალათბურთის თამაში გინდა და თავს მოთამაშედ თვლი, ამერიკაში უნდა წახვიდე და რომელიმე ლიგაში მაინც უნდა მოსინჯო თავი.
ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ, ერთი მცირედი „მაგრამ“ მაინც არსებობს. NBA-ში ძალიან აიწია საშუალო მოთამაშის დონემ. დღეს მაინც ყველა იქაურს შეუძლია ის, რასაც ადრე ერთეულები სჩადიოდნენ, თუნდაც ათი წლის წინანდელი NBA რომ ავიღოთ, ამას იოლად დავინახავთ. მაგრამ ამ დიდ ლიგას ახლა სხვაფრივ შეუდგა წყალი – ზემოთ ნახსენები „ერთეულები“ დაუცოტავდა. ერთი, ორი და ჰა, სადღაა ოდინდელი ბრწყინვალების ვარსკვლავი? თუ არიან, ისინიც იმ დიდი, „ოთხმოციანების“ თაობის ნამტვრევნი. ჯორდანი რომ არ დაბრუნებულიყო და ღიპდადებულ მეჯიქსაც გული არ აჩუყებოდა, ლიგაში „ზეციური“ და გვირგვინოსანი არავინ დარჩებოდა. დიახ, ქრებიან დიდი ინდივიდუალისტები. აი, კრის მულინიც აღარ ჩანს ძველებურად, დომინიკ უილკინსიც ელადას გაეშურა და ასე, გაუთავებლად. ვინ ამბობს: დიდებულია სკოტი პიპენი, შონ კემპიც ფრენს და საერთოდ ფრენენ NBA-ის არწივები, მაგრამ რომელია ამათ შორის ერთადერთი, დიდი და განუმეორებელი? რომელია ჯადოქარი და გმირი?
აი, გასული კვირის „ოლ სტარზიც“ აიღეთ – ჯორდანი მთელი თავისი ღვთაებრივობით და პლუს ძალიან კარგი, პირდაპირ გადასარევი ბიჭების დიდი კრებული (თორემ ოლაჯუონი რომ საუცხოო და “ოთხმოციანელია”, ადრეც ვიცოდით, ადმირალსაც პატივს მივაგებდით, ჯონ სტოქტონსაც, კეთილ პატრიკსაც და რეჯი მილერსაც).
და ახლა მახსენდება, პირველი „ოლ სტარზი“, რომელიც საბჭოთა სინამდვილეში ვიხილე. ამ ათი წლის წინ ვიღაცამ მოიტანა კასეტა ირაკლი კობიძესთან (არის ასეთი ცნობილი კაცი გამოღმა უბნის ახალთაობის გულშემატკივართა შორის). ჩვენ დავსხედით და ვუყურეთ. დამთავრდა და კიდევ ვუყურეთ. მერე კიდევ. მთელი ღამე ეს ამხანაგური თამაში მედგა თვალწინ. გასაშტერებელი იყო ის, რომ №32, ვინმე ჯონსონი მცველი გახლდათ და ბურთებს ტენიდა. იყო ასეთი, რალფ სეპსონიც იმავე დასავლეთის გუნდიდან – ცენტრი, რომელიც მშრალად კი თამაშობდა, მაგრამ ვერ დაივიწყებდი. აქვე იყო ქარიმი, თავისი „ზეციური კაუჭით“, ლეგენდა სნაიპერი ჯორჯ გერვინი, ლარი ნენსი და კიდევ სხვებიც.
და აღმოსავლეთში? დოქტორ ჯეი. თვით დოქტორ ჯეი თავისი ცალი ნომრით. ლარი ბერდი, კაცი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი, გონებამახვილობის და შრომის ნაერთი. თვით აიზიაც – კალათბურთის გარინჩა, თვით დომინიკიც… მაიკლ ჯორდანი, უქეიფოდ მყოფი იქვე იჯდა კოსტუმში.
ახლა ოდნავ დაბალი ტიტულებისა? ესენიც გამორჩეული ინდივიდუალობის მოთამაშენი. მაკჰეილი და ბელადი პერიში, როლანდო ბლექმენი და ჯეიმს ვორსი, ტერი კამინგსი და ჯეკ სიკმა. ახლა დიდი მოზესი, გვარად მელოუნი? ან დენის ჯონსონი?
აი, ესენი და ყველაზე მთავარი რა იყო იცით? შეხვედრის ბოლო ორი წუთი კასეტაზე წაშლილიყო და ვიცოდით, რომ დასავლეთმა მოიგო და მეტი არაფერი.
და ახლა, ახალი: „ოლ სტარზების“ ცქერისას ვხედავ, რომ მძლეა შაკილი, რომ ყველამ – გრანტ ჰილმაც, მიკ რიჩმონდმაც, გერი პეიტონმაც, ტარელ ბრენდონმაც, პარდევების საგვარეულომაც და სხვებმაც, მურნინგის თამადობით, იციან დიდი კალათბურთი, მაგრამ მომკალით და ამათ ძნელად გავარჩევ ერთმანეთისგან, ერთ ყალიბში მოუჭრიათ – დიდ, კარგ ყალიბში.
ქრებიან დევგმირები – მათ ადგილას უბრალოდ მაგარი ბიჭები მოდიან.
ღმერთმა იცის, კარგია ეს თუ ცუდი, მექანიკა და სტანდარტები – რას იზამ, თორემ პირადად ჯეისონ კიდს არაფერს ვერჩი – უბრალოდ ბობ მაკადუ მირჩევნია.
16.02.1996