ინგლისში ყველაზე ბუზღუნა მწვრთნელად იურგენ კლოპი მიაჩნიათ. ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანელმა ამჯერად ვერავის ვერაფერი დააბრალა და თუ ბუზღუნია, თავისთვის უნდა იბუზღუნოს: ის რომ „ლივერპულმა“ „ლესტერთან“ (0:1) წააგო არც გადატვირთული კალენდრის ბრალი იყო, არც მისი კოლეგების და არც ათასი სხვა მიზეზის, ჩვეულებრივ მერსისაიდელთა მწვრთნელის ჩივილის საგანი რომ ხდება ხოლმე.

„ლივერპულმა“ უბრალოდ ვერ ილივერპულა და ეს მოუვიდა გუნდთან, რომელიც ცუდ ფორმაშია, რადგან ცხრა ფეხბურთელი ჰყავს გაშვებული საექიმოდ.

„წითლებისთვის“, რომლებიც პრემიერლიგის ტიტულისთვის იბრძვიან, „მელიებთან“ მარცხი უკანდახევა იყო. ახლა, ჩემპიონატის ზუსტად შუაში „ლივერპული“ მეორეზეა, „მანჩესტერ სიტის“ 6 ქულით ჩამორჩება და თუ „სიტი“ დღეს სტუმრად „ბრენტფორდს“ მოუგებს, სხვაობა უკვე 9 ქულა გახდება. ნაახალწლევს კი საგიჟეთი იწყება — „სიტი“ „არსენალს“ სტუმრობს, „ლივერპული“ — „ჩელსის“.

ზემოთ მერსისაიდელთა ცუდი თამაში ვახსენეთ. როდესაც ისეთი ვარსკვლავი, როგორიც მო სალაჰია პენალტს ვერ გაიტანს და ასხლეტილ ბურთს იქვე ორჯერ უშედეგოდ დაამატებს, ეს რასაკვირველია უიღბლო დღეს ნიშნავს. და ის, რომ სალაჰმა მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა 22-მდე ვერ გაზარდა, ხელმოცარვის მხოლოდ ნაწილია. მეორე ნაწილი ის გახლავთ, რომ კლოპის გუნდმა „ტოტენჰემთან“ 2:2-დან 9 დღეში „სიტის“ კიდევ ერთი საჩუქარი მიუძღვნა. თან როგორ? უხარისხო თამაშით.

ამ შეხვედრაში იყო გამაღიზიანებელი ფაქტორიც: „წითლებს“ ლესტერელთა ერთადერთი გოლი ყოფილმა ევერტონელმა, ადემოლა ლუკმენმა გაუტანა. ის თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მოედანზე შესვლიდან სამ წუთში გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა.

„ლესტერისთვის“ კი ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ბოქსინგ დეიზე“ ანუ შობის მეორე დღეს, დრამატულ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტისთან“ 3:6 წააგო. ბრენდან როჯერისის გუნდს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ის ახლა 25 ქულით მე-9 ადგილზეა.