საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება. საჩხერეს „ჩიხურა“ – ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს“ დაიპირისპირდება. ზედიზედ მესამედ, თასის ფინალი თბილისგარეთ ჩატარდება. გადამწყვეტ შეხვედრას შარშან ზესტაფონმა უმასპინძლა, შარშანწინ – ქუთაისმა, წელს კი ეს პატივი გორს ერგო.
„ტორპედო“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს რამდენიმე დღის წინ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ დაეუფლა და რა გასაკვირია, რომ გუნდი თასის ფინალს საზეიმო განწყობით შეხვდება. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ დრამატულ მატჩში დაამარცხა. შეგახსენებთ, ქუთაისელები თასის ამჟამინდელი მფლობელებიც არიან. კახა ჩხეტიანის შეგირდებმა წინა გათამაშების ფინალში მარტვილის „მერანს“ 2:1 სძლიეს. „ტორპედოს“ თასი 2009 და 2011 წლებშიც აქვს მოგებული. ასევე მეოთხედ აქვთ კახა ჩხეტიანის გუნდს თასის მოგების შანსი. საჩხერის „ჩიხურას“ კი საქართველოს დავით ყიფიანის თასი არ მოუგია. ყვირილის პირელებს ორჯერ ჰქონდათ შანსი, ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდნენ. პირველად 2013 წელს 3:1, ხოლო 2014 ში 2:1.
„ჩიხურამ“ ჩემპიონატში არადამაჯერებლად ითამაშა, მეხუთე ადგილს ვერ აცდა. არადა, ბოლო წლებში საჩხერული გუნდი რეგულარულად გამოდის ევროთასებზე და თასის მოგებით ახლაც იგივეს ეცდება. საჩხერელთა წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა სოსო ფრუიძის სკამი შეირყეს. ის „ჩიხურას“ უკვე 10 წელიწადია თავკაცობს.
მატჩს დამატებით ელფერს ის ფაქტიც შემატებს, რომ ქუთაისელი გრიგოლ დოლიძე მეშვიდედ ითამაშებს ფინალში, ხოლო საჩხერელი დიმიტრი ტატანაშვილი – მეექვსედ. საინტერესოა, რომ მათ თბილისის „ამერის“ შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიგეს დავით ყიფიანის სახელობის თასი. აქვე კი ისიც გავიხსენოთ, თუ რა გზა გაიარეს მეტოქეებმა თასის ფინალამდე. „ჩიხურამ“ ჯერ რეგიონლიგელი „ლესეჭინე“ გაანადაგურა 7:0. შემდეგ „გაგრას“ 2:0 სძლია. მეოთხედფინალში ფრუიძის შეგირდებმა გორის „დილას“ 3:0 აჯობეს, ნახევარფინალში კი იოლად მოუგეს ხონის „იმერეთს“ 5:0 და ფინალში გოლგაუშვებლად გავიდნენ.
„ტორპედოს“ ფინალამდე რადენიმე ძნელი ბარიერის გადალახვა მოუხდა. რიონისპირელებმა ჯერ თერჯოლის „საპოვნელა“ დაამარცხეს 2:0, იგივე ანგარიშით შემდეგ „სამტრედიას“ სძლიეს, მერე თბილისის „შევარდენი 1906“ დაამარცხეს 2:1 და ბოლოს, თბილისის „დინამოც“ მათ გზას გაუყენეს – ქუთაისელებმა ტიტულოვან მეტოქეს უგოლო 120 წუთის შემდეგ პენალტების სერიაში აჯობეს.
მოკლედ, დაძაბულ და თვალსასეირო მატჩს ველით. შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება.