„ოკეანის გაღმელო, საზიზღარო სემ,
ზანგებს რატომ აწამებ და ბავშვებს რატომ სცემ?“
გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბოლშევიკური შაირი კალათბურთის გამო გამახსენდა. კალათბურთი, ისეთი სპორტია, რომ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა მეტად თვალშისაცემად ჩანს ხოლმე. ვთქვათ, გამოიჭერს დიდი პატარას და 97:17-ს მოუგებს. თითქმის წარმოუდგენელია ისეთი რამ, რომ სუსტმა ძლიერს მოუგოს. ფეხბურთში ეს საქმე გაგიხარია, ყვავის: აი, „რუსენბორგი“ „მილანს“ მოუგებს, „ბრანი“ კი „ეინდჰოვენს“, კალათბურთში ეს სრულიად წარმოუდგენელია.
ასეთ რამეებს ვფიქრობდი, როცა ჩვენები ბერძნებს ეთამაშებოდნენ. ბერძნული კალათბურთი ხომ განთქმულია ევროპის მასშტაბით. შარშანდელი „პანათინაიკოსი“- „ბარსელონა“ ხომ გახსოვთ, ანდა ბერძნული დაცვითი სისტემები? ამიტომ ელინნი რომ ქართველთ მაინც გასტეხდნენ, იგრძნობოდა და ასეც მოხდა. ეს კალათბურთის აუცილებელი წესია. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ეს თამაში და ყველა სხვა თამაში, რაც კი იმ დღეს გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, დიდად პირობითი რამ არის.
მსოფლიოში ერთი ფეხბურთი არსებობს, კალათბურთი კი ორია – წყალგაღმა და წყალგამოღმა. ვინც წყალგამოღმა იჩემებს მაგარ ბიჭობას, მან წყალგაღმა უნდა დაამტკიცოს ეს და ასეთი ბიჭებიც ყოფილან. ვთქვათ, ცხონებული დრაჟენ პეტროვიჩი, ანდა მისი თაობის სხვა ბალკანები, ან გინდათ ოლაჯუონი, ბებერი საბასი, დეტლეფ შრემპფი და სხვები. თუ ცალკეული მაგარი ბიჭისთვის ეს შესაძლებელია, სრულიად შეუძლებელია ევროპაში ცხვირაბზეკილი გუნდებისთვის.
ამას იმიტომ მოგახსენებთ რომ პრინციპულ ჭიდილში „დენვერი“, „სან ანტონიო“, „ტორონტო“, „ფილადელფია“, „ვანკუვერი“, „ბოსტონი“ (წლევანდელი აუტსაიდერები ჩამოთვალე) წყალგამოღმა მსოფლიოს ნაკრებს დაამარცხებენ. მგონია, რომ ასე იქნება და სანამ კალათბურთი დიდებისა და პატარების თამაშად რჩება, მანამდე ამას წყალი არ გაუვა. დიდები გაღმა არიან. თამაში იქ არის გახურებული. თქვენ გგონიათ მხოლოდ NBA -ს გამო ვამბობ? უმთავრესად ამაზე, მაგრამ განა ევროპელებს შეუძლიათ შეტოქება სტუდენტური კალათბურთის პირველი ოცეულის გუნდებთან? აღარაფერს ვამბობ იმ ასობით ამერიკელზე, ევროპას რომ მოსდებიან და დიდი თუ პატარა გუნდების ლიდერად ქცეულან. არც იმ დაბერებულ ვარსკვლავებზე (ჰეივუდითა და მაკადუთი დაწყებული, ვილკინსით დამთავრებული), მთელს ევროპას რომ კალათბურთს ასწავლიან. დიახ, ამერიკელი გალისი რომ არ ყოფილიყო, ოთხშაბათს ქართველები ბერძნებს დაამარცხებდნენ. ქართველები კი არა, საერთოდ, იარსებებდა თუ არა ბერძნული კალათბურთი, მისი სტილი და ამბიცია, ძნელი სათქმელია.
იმ დღეს სასახლეში ქომაგმა იკითხა, ჯორდანი რომ გვყავდეს, ბერძნები 13 ქულას ხომ ვერ დაქვიქაჩავდნენ და მეორე ტაიმში ხომ ჩვენ დავუქაჩავდით და მოვუგებდითო.
ახლა ჯორდანი შეაწუხე ამ საქმეზე. ის თვეში შვიდჯერ მაინც იგებს ბოლო წამზე ზუსტად 40 ფუტიდან ნასროლი ბურთებით. ამ საქმისათვის მისი შეწუხება სირცხვილიც კია. აი, უილტ ჩემბერლენისთვის რომ გვეთხოვა (სამოცდაათსაა მიტანებული, მოცლილია და სიამოვნებით მოუგებდა ბერძნებს) სხვა საქმეა.
NBA-ს გუნდები დღეგამოშვებით თამაშობენ 48 წუთს, ორიოდე თვეც და ფლეიოფებს გაახერუბენ. თუ რომელიმე წყალგამოღმა მოთამაშე ამ შეჯიბრში გამოიჩენს თავს, კაციც ის იქნება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ ეს შეჯიბრებია და არა ფიბას მოგონილი გათამაშება.
გაუმარჯოს წყალგაღმა კალათბურთს, მალე დამსგავსებოდეს წყალგამოღმა კალათბურთი და ჩვენც მარაქაში ვიყოთ.
თორემ მარტო მწვრთნელთა მშვენიერი კოსტუმებით ამერიკელებისთვის თავის მიმსგავსება ლამაზი კია, მაგრამ უსარგებლო.
აი, ასეთ დღეში გვაგდებს საზიზღარი სემი.
1.03.1997