ვალიკო მიზანდარისა და რუბიკ ხაჩიკიანის არ იყოს, ქართულ-სომხური ძმობის ამბავს ფეხბურთშიც ვხედავთ. საქართველოს ნაკრების თამაშებს სომეხ მსაჯთა ბრიგადა უძღვება, ხოლო სომხებისას ქართველები. აბა რა გასაკვირი ისაა, მსაჯებს ამხანაგურ შეხვედრებზე მეზობელი ქვეყნიდან თუ იწვევ (ამხანაგური მატჩებისას მათი შერჩევა მასპინძლის პრეროგატივაა). მაგრამ რატომ მაინცდამაინც სომეხი მსაჯები? იმიტომ, რომ სამაგიეროდ ისინი ჩვენებს იწვევენ? რა, სამსაჯო ბარტერია? საჭიროდ უსტვენენ თუ ისტორიული ძმობის გამოძახილია? აბა, თურქებს, აზერებსა და სხვებს სად ჰყავთ მსაჯები?!
2017 წლის 28 მარტს თბილისში საქართველომ 5:0 გაანადგურა ლატვია. იმსაჯა სომეხმა სურენ ბალიანმა.
7 ივნისს თბილისში საქართველომ სენტ კიტსი და ნევისს 3:0 მოუგო. იმსაჯა ზავენ ოჰანესიანმა.
10 ნოემბერს გორში საქართველომ 1:0 დაამარხა კვიპროსი. იმსაჯა სურენ ბალიანმა.
13 ნოემბერს ქუთაისში 2:2 ვითამაშეთ ბელარუსებთან. მსაჯი? რა თქმა უნდა, სურენ ბალიანი.
ასევე 13 ნოემბერს სომხებმა 3:2 მოუგეს კვიპროსს. იმსაჯა გიორგი ვადაჭკორიამ.
იქამდე, 7 ნოემბერს სომხებმა 4:1 დაამარცხეს ბელარუსი და არბიტრი იყო ლაშა სილაგავა.
4 ივნისს კი სილაგავამ იმსაჯა სომხეთის ნაკრების მატჩი. ეს სენტ კიტსი და ნევისთან 5:0 მოგებულ თამაშში.
ეს სულ ამხანაგური მატჩებია. ეტყობა, ჩასვლა-ჩამოსვლა იაფია და ცხრა მთას იქიდან მსაჯების მოწვევას ერიდებიან. ამასობაში კი რეიტინგი გამოვიკეთეთ ჩვენც და სომხებმაც.
ერთი შემთხვევის გარდა, თამაშები საჩვენოდ და სასომხეთოდ სრულდება, ის ერთიც…
„მიმინოთი“ დავიწყეთ და ფრუნზიკას სიტყვები ზუსტად ამ ვითარებისაა, ტამ ხაროში ჩელოვეკ პოგიბაეტ-ო.
ჰაეს? ჰა, ცავატ ტანემ!
სხვისი რა გითხრათ, მაგრამ ტავარიშ სურენ ბალიანს (კატორი ვ ჟოლტომ), იმდენი დრო აქვს გატარებული საქართველოში, სულ მცირე, მოქალაქეობა ერგება…
P.S. ქვესათაურში დასმული კითხვით, ცხადია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს მივმართეთ, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ