25-ე სათამაშო დღეს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს „დინამოს.“
„ბათუმი“ თელავს ეწვია და საკმაოდ რთული მატჩიც გამოუვიდა. „თელავი“ ელიტაში საფლეიოფო დავიდარაბის გარეშე დარჩენას ცდილობს და ცხადია, არაფერს დათმობდა. ზღვისპირელებმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ.
„დინამომ“ წინა ტურებში დაკარგული ქულების ჯავრი „შუქურაზე“ იყარა. თამაში ფოთში გაიმართა. დუბლი მიითვალა ზორან მარუშიჩმა. თითოც ოსეი ბარნსმა და ლევან ხარაბაძემ გაიტანეს. ორი საგოლე პასი შეასრულა მილან რადინმა.
„ტორპედომ“ ბოლო დროს ცოტა გამოისწორა მდგომარეობა. მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო. ამიტომ ცოტა მოულოდნელი იყო იმერულ დერბიში აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ დიდი ანგარიშით მარცხი.
თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ტორპედოელები იგებდნენ კიდეც მეჰდი ბუკასის გოლით, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა სამტრედიელთა შემტევი, ნიკოლა პრელჩეცი, 31 წლის ხორვატი, რომელიც სამტრედიელებს გასულ ივლისს შეუერთდა მაკედონიური „რაბოტნიჩკიდან.“ ნიკოლამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„დილას“ რომ „საბურთალოსთვის“ მოეგო, ისევ მესამე ადგილზე დაბრუნდებოდა, მაგრამ მასპინძელმა გორელებმა ვერაფერი მოუხერხეს ხვიჩა შუბითიძის გუნდს.
საინტერესო გამოდგა ტურის გვიანი მატჩი საგურამოში, სადაც „ლოკომოტივი“ 0:2 აგებდა კერკეტ „სამგურალთან,“ მაგრამ მაინც მოახერხა გათანაბრება. გუნდებმა შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. არბიტრმა ავაზაშვილმა ჯერ „რკინიგზელთა“ სენეგალელი ადამა ვადი გააძევა, ბოლოსკენ კი მას სტუმართა ნიგერიელი ლუქმან გილმორი მიაყოლა.
სამტრედია 4:1 ტორპედო
0:1 ბუკასი (15), 1:1, 2:1 პრელჩეცი (22, 35), 3:1 კვირკვია (68), 4:1 პრელჩეცი (76)
შუქურა 0:4 დინამო (ფოთში)
0:1 მარუშიჩი (27), 0:2 ბარნსი (44), 0:3 მარუშიჩი (64), 0:4 ხარაბაძე (83)
თელავი 0:1 ბათუმი
0:1 ჯიღაური (16)
გაძევება: თევზაძე (90+3) – თელავი
ლოკომოტივი 2:2 სამგურალი
0:1 ფონიავა (51), 0:2 თევზაძე (59), 1:2 გავაშელიშვილი (70), 2:2 იმრანი (79)
გაძევება: ვადი (57) – ლოკომოტივი; გილმორი (80) – სამგურალი
დილა 0:0 საბურთალო
გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
ბათუმი 36 21 12 3 73:27 75
დინამო 36 21 7 8 59:28 70
დილა 36 17 10 9 48:35 61
საბურთალო 36 15 12 9 52:40 57
ლოკომოტივი 36 15 8 13 57:59 53
თელავი 36 12 8 16 35:53 44
სამგურალი 36 9 14 13 34:46 41
ტორპედო 36 9 13 14 38:44 40
შუქურა 36 5 12 19 28:49 27
სამტრედია 36 5 6 25 33:76 21
მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 12, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 11, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 9