გერდ მიულერი კარიერის განმავლობაში რეკორდს რეკორდზე ამყარებდა, მაგრამ მთავარი გოლი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, როდესაც გერმანიის (ფედერაციული რესპუბლიკის) ნაკრებს უდიდესი საფეხბურთო ტიტული მოუტანა.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა 75 წლისა გარდაიცვალა.
სიკვდილამდე ოთხი წლით ადრე, მიულერმა წიგნში „გოლი“ საინტერესო ამბები გაიხსენა. 700 გოლის ავტორი და 14 დიდი ტიტულის მფლობელი ჰოლანდიასთან ფინალის წინ თურმე იმაზე ნერვიულობდა, რომ ვიღაც ნათელმხილველმა გამარჯვება მეტოქეს უწინასწარმეტყველა.
1974 წლის ნიდერლანდების ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი გუნდი იყო. ეს გახლდათ რინუს მიხელსისა და იოჰან კრუიფის „ტოტალური ფეხბურთის“ ეპოქა. გუნდმა, რომელიც მანამდე არნახულ, ყველასთვის უცხო და აშკარად ძლიერ ფეხბურთს თამაშობდა, ფინალამდე დაამარცხა ისეთი მეტოქეები, როგორებიც იყვნენ ბრაზილია, არგენტინა და ურუგვაი.
„ფინალის წინა დღეს გაზეთში წავიკითხე, რომ მავანმა წინასწარმეტყველმა ბროლის სფეროში ჩაიხედა და ჰოლანდიის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, — წერდა მიულერი მოგონებებში, — ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვფიქრობდი ნიდერლანდებზე, წინასწარმეტყველზე და ვფიქრობდი: ალბათ, რაღაც შეეშალა. ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს“.
ნიდერლანდელები მიდგომაში შეცდნენ. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ექო ჯერ კიდევ არ იყო მინელებული და მათ გერმანელების ფეხბურთში დამარცხება კი არა, როგორც ხალხის მორალურად მოსპობა უნდოდათ. ფინალის მონაწილე ვილემ ვან ჰანეგემმა მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა: „ჭირსაც წაუღია ანგარიში. 1:0-ზეც თანახმა ვიყავი. მთავარი იყო გერმანელები გერმანიაში, ფინალში დაგვემარცხებინა. მათი დამცირება მინდოდა.
მე ისინი მეზიზღებიან. მათ ოჯახი გამიწყვიტეს. მათ მომიკლეს მამა, და, ორი უმცროსი ძმა. ყოველთვის, როდესაც გერმანულ გუნდს ვხვდებოდი, ბოღმით და სევდით ვიყავი სავსე“.
ხოლო მიულერი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში დემენციას ებრძოდა, ასე იგონებს: „ჰოლანდიელებს თავში ჰქონდათ ავარდნილი. მათ ეგონათ, რომ ჩვენ, გერმანელები უკვე ჯიბეში ვყავდით. დიახ, მე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. გამარჯვების არ მჯეროდა. ჩვენ თითქოს უნდა დავმარცხებულიყავით, მათ კი მოეგოთ, მაგრამ გერმანიის ნაკრები იოლი გასატეხი გუნდი არ არის. ჩვენ საკუთარ თავს შევუძახეთ: ახლა, ვიბრძოლებთ ისე, როგორც არასდროს. დღეს ჩვენ თავს დავდებთ“.
და მიულერმა ფინალში (გფრ-მ მოიგო 2:1) გაიტანა. ეს იყო მისი მე-14 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე — რეკორდი, რომელიც წლების შემდეგ რონალდომ და მიროსლავ კლოზემ მოხსნეს. კიდევ, ეს იყო მისი 68-ე გოლი გერმანიის ნაკრების მაისურით. შედეგი, რომელიც კლოზემ 2014 წელს გააუმჯობესა.
მაგრამ, კლოზეს ამ შედეგებისთვის ბუნდესნაკრებში 137 (მათგან მსოფლიოს ჩემპიონატებზე 24) შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. მიულერს კი ნაკრებში სულ სამოცდაორჯერ ჰქონდა ნათამაშევი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ცამეტჯერ.
1974 წლის ფინალის შემდეგ, 28 წლის გერდ მიულერმა სანაკრებო ფეხბურთს თავი დაანება.