„მანჩესტერ სიტი” იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში ჯეკ გრილიშს შეიძენს. „ქალაქელებს” თავდამსხმელი 100 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ.
ამის შემდეგ, მანჩესტერელთა მორიგი ხარჯიანი სატრანსფერო ნაბიჯი ჰარი კეინის გადაბირება იქნება.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ თუკი „სიტი” 25 წლის გრილიშის სანაცვლოდ „ასტონ ვილას” ზემოთ ნახსენებ ფასს გადაუხდის, პრემირლიგის ძველი რეკორდი (2016 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბა „იუვენტუსისგან” 89 მილიონ გირვანქად შეიძინა) დაემხობა.
„ეტიჰედის” შეფები დარწმუნებულები არიან, რომ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაში თამაში ისეთი წინადადებაა, რომელზეც ფეხბურთელი უარის ვერ იტყვის.
ინგლისურ პრესაში აგრეთვე გაჩნდა ცნობები, რომ ვერც „ვილა” უყურებს 100 მილიონს გულგრილად და გრილიშის „სიტიში” გაშვების ვარიანტს განიხილავს.
როგორც კი გრილიში „ქალაქელი” გახდება, „სიტი” ახალ სატრანსფერო რეკორდს შეუტევს — „ტოტენჰემიდან” 28 წლის ჰარი კეინის გადაბირებას შეეცდება. ტყუილად არ აცხადებდა პრემიერლიგის ჩემპიონის მეპატრონე ხალდუნ ალ მუბარაქი, რომ ამ ზაფხულს ახალი მოთამაშეების შესაძენად კლუბი თანხებს არ დაინანებდა.
სხვა საქმეა, რომ „ტოტენჰემმა” კეინში 160 მილიონი გირვანქა მოითხოვა, ამ თანხის გადახდაზე კი „სიტიმ” ჯერჯერობით უარი თქვა.