რიო ფერდინანდმა თავის გადაცემაში Rio Ferdinand Presents FIVE, რომელიც იუთუბის არხზე გადის თქვა, რომ რაფაელ ვარანმა ბრძოლით გაიკაფა გზა „რეალიდან” „მანჩესტერ იუნაიტედისკენ” და მალე ოფიციალურად გამოაცხადებს პრემიერლიგის კლუბში თავისი გადასვლის შესახებ.
როგორც ევროპულ მედიაში მიიჩნევენ, ფრანგი ცენტრალური მცველი „სანტიაგო ბერნაბეუდან” „ოლდ ტრეფრდზე” გადასვლასთან მეტად ახლოს არის. ასახელებენ თანხასაც: 34 მილიონი გირვანქა, პლუს 8 მილიონი შედეგების მიხედვით.
ფერდინანდმა თქვა: „რა დიდებული ტრანსფერია. რაც ზაფხულის ვაჭრობა გაჩაღდა, ამაზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, ინიციატორი თავად ფეხბურთელი იყო. ალბათ, მას უნდოდა დაეტოვებინა „რეალი” და „მანჩესტერ იუნაიტედის” პროექტს შეერთებოდა.
ჩემი აზრით, მან „ოლდ ტრეფორდზე” მეტი პერსპექტივა დაინახა. ოლე გუნარ სულშერის განკარგულებაში დიდებული შემადგენლობა იკრიბება. მან შეიძინა ჯეიდონ სანჩო, ახლა დაემატება ვარანი, რომელიც ჰარი მაგუაირთან ერთად დაცვის ცენტრში შესანიშნავ წყვილს შექმნის.
ჩვენ აშკარად მსოფლიო კლასის ცენტრალური მცველი ვიყიდეთ. მის მიერ მოპოვებული ტიტულების ჩამოთვლა ხომ საერთოდ შეუძლებელია. მკლავის სიგრძე ჯილდოების სია აქვს.
„იუნაიტედის” იმ ჯგუფს, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს, ქება ეკუთვნის. მათ ადრე აკრიტიკებდნენ, რომ ფეხბურთელების სწორად ყიდვაში მოიკოჭლებდნენ. ამჯერად, უშეცდომოდ იმოქმედეს, თავიანთ სასურველ ფეხბურთელს ბოლომდე მისდიეს და მიზანს მიაღწიეს.
ეჭვი არ მეპარება, რომ თავად ვარანმაც მკაფიოდ უთხრა „რეალს”: მე მჭირდება „იუნაიტედში” გადასვლა, მე ეს მსურს, მე უნდა წავიდე!”