აღარ ვიცით რა დავწეროთ, რა ვთქვათ ან თავი რით ვინუგეშოთ… მერამდენედ ხდება ჩემპიონთა ლიგას ქართული გუნდები უსახელოდ რომ ემშვიდობებიან. წაგებით ვის არ წაუგია, გრანდებიც კი აგებენ, მაგრამ…
თბილისის „დინამომ“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორივე მატჩი წააგო. ორივე ერთნაირი ანგარიშით – 1:2. უფრო დიდი ანგარიშებითაც წაუგია, უფრო სუსტ გუნდებთანაც, მაგრამ აზერბაიჯანულ გუნდთან წააგო ისე, რომ პასუხი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვონ.
არ იყო „ნეფთჩი“ დაუმარცხებელი გუნდი, ბევრი ხარვეზი ჰქონდათ, უთამაშებლობაც ეტყობოდათ, სუსტი წერტილებიც ჰქონდათ, მაგრამ…
განმეორებითი მატჩის წინ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ თქვა, რომ ბაქოში ისეთი ფატალური შეცდომები არ უნდა დავუშვათ, როგორც თბილისშიო. დაუშვეს… თუმცა, რატომ ფატალური – როდესაც შეცდომების სერიას ბოლო არ უჩანს, ის უფრო უკლასობის ბრალია და სხვას ნურაფერს დავაბრალებთ.
უკლასობა კი დიდი ხანია ტანჯავს ქართულ გუნდებს, მაგრამ ვისაც ევალება გამოსწორებაზე არ ფიქრობს.
ჩვენ ვფიქრობთ, დაფიქრდით თქვენც… სხვა თუ არაფერი, ეგებ ის მაინც გაიხსენოთ, ეროვნული ჩემპიონატის ბევრგან და წარმატებით ნაცადი შემოდგობა-გაზაფხულის სისტემა რატომ შეცვალეთ… იმიტომ ხომ არა, ჩვენი გუნდები ევროსარბიელს უფრო მომზადებულნი შეხვდებიანო?! მაშ, ახლა, ბოლო 5 წლის ევროპული შედეგები დათვალეთ…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
