სიმართლე რომ ვთქვა, იტალიის ნაკრების მხარეს ბარე ორმოცდაორი წელიწადია არ ვყოფილვარ. იმდენად არა, რომ ნაღდ გოლს რომ არ ჩაუთვლიდნენ, იმასაც კი არ განვიცდიდი. იტალიაა, ერთხელ რომ დაიჩაგროს, არ დაეტყობა-თქო. ბალეშჩიკური ამბავია, განა სხვა რამისა. სხვისკენ ხარ. თან კიდევ, იცი, ძლიერი ვინაა და შენს გუნდს, რამე რომ იყოს, ვინ გადააყუდებს.
მოკლედ, არ ვიყავი მაგათ მხარეს და მორჩა. არასდროს. ეგებ ახლა დიდად მოსათხრობი არ არის, თუმცა-კი, იყო დრო, როცა იტალია დიდად ჩამივარდა გულში. ეგ იყო 1978 წლის მსოფლიო თასი არგენტინაში, სადაც ეს იტალია ერთადერთი გუნდი გამოდგა, მომავალ ჩემპიონ არგენტინას რომ მოუგო. ჯგუფში, მაგრამ მაინც.
მაგარი ჯგუფი იყო: იტალია, არგენტინა, საფრანგეთი და უნგრეთი. ყველა თამაში ერთიმეორეზე უკეთესი გამოვიდა. იმ უნგრეთს საბჭოთა კავშირი ჰყავდა ჩატოვებული შესარჩევ ჯგუფში, მანამდეც და მერეც, თბილსში ნათამაშვი გუნდი იყო. საფრნაგეთი იყო ახალგაზრდა პლატინის ჯერ მთლად ვერ პლატინობით და მეკარე დომინკ ბარათელით, რომელიც არგენტინასთან თამაშში ნახტომისას ძელს მიენარცხა ხერხემლით და დაშავდა. ბარათელი – ქართველიაო, ამბობდნენ.
მოკლედ, ძაან თამაშები იყო ამ ჯგუფში. საერთოდ, ეს იყო პირველი ჩემპიონატი რომელიც მახსოვს, თავისი ფლოეთი და აბრამჩიკით, გერმანიის ნაკრებიდან, მენოტის სიგარეტებსა და საბჭოელი ადამიანისთვის ფეხბურთის მწვრთნელის პირობაზე სრულიად უცხო გარეგნობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. იმის წინა ჩემპიონატისა, გერმანიიდან რომ გადმოსცემდნენ გვარიანი შეზღუდვით (ზოგი შეზღუდვა არგენტინიდანაც იყო) მხოლოდ წვიმა, თეთრი მაისურები და პროგრამა „ვრემიაში“ ნანახი იოახიმ შტრაიხის გოლი მახსოვდა, დასავლეთ გერმანიას რომ გაუტანა. აქ კი, ამხელა ამბავი და იტალია, ახლადგამოჩენილ ფერად ტელევიზრებში.
ისიც ვიცოდით, რომ არგენტინაში სწორედ მსოფლიო თასის წინ ჩართეს ფერადი ჩვენების სისტემა და ჩვენთანაც ხომ იყო და უკვე ბევრს ჰქონდა ფერადი ტელევიზორი – დაინახავდი ბრაზილიის ყვითელ მაისურებს. ის კი დიდად არ გაგვეგონა, რომ არგენტინაში სამხედროები ხალხს აქრობენ და ხვრეტენ და როგორც ოდესღაც ბრზილიაში, მსოფლიო ჩემპიონობას სათავისოდ გამოიყენებენ, მაგრამ ხვრეტა ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა, თუ უფროსებიც წაგვაშველბდნენ ცოდნას.
ჰოდა, მთელს ამ ამბავში, თბილისში დიდი ხალისი იყო იტალიის ნაკრებზე. ნაკრები კარგი იყო, როგორც ახლა ვხვდები, იმ თამაშების ხელახლა ყურებისას; მოხდენილი და სილამაზისკენ მიდრეკილი, მაგრამ ჩვენს ქალაქში, ეს ალბათ პირველი საფეხბურთო გუნდი იყო, გოგონებს რომ გამორჩევით მოსწონდათ. ნომერ პირველ გმირად ითვლებოდა ერთი კარგი ფებხურთელი – გოგონებისგან სულ მისი გვარი ისმოდა და ერთგვარი ნაპერწკლითაც, თვალებში ჩამდგარ ღიმილზე რომ არაფერი ვთქვათ – ბეტეგა, ბეტეგა…
მაშინ, არც კუნთები იყო, არც სვირინგები, არც გაპარსული კისრები და არც წელზე მოტმასნილი მაისურები: რობერტო ბეტეგა იყო „იუვენტუსის“ მეგოლე, რომანული ლამაზი სახის ოცდაათს მიტანებული ბიჭი, რომლესაც თმაში ჭაღარაც შერეოდა. იმ დროს საბჭოტთა კავშირში ხშირად უჩვენებდნენ იტალიურ პოლიტიკურ ფილმებს. ნაწითელბრიგადარი ამბავი იყო: დამიანო დამიანი და ასე შემდეგ და ეს რობერტო ბეტეგაც ერთგვარი საფეხბურთო ჯულიანო ჯემა გამოდიოდა. მე პირადად, მხრებში მოხრილი, ულვაშიანი, ჯმუხი, ჭკვიანი, ტექნიკური ფრანკო კაუზიო მომწონდა და სამუდამოდაც დამამხსოვრდა.
გოგო ხომ არ ვიყავი, ბეტეგაზე გადავრეულიყავი! კაუზიოა მაგარი-თქო ვამბობდი. შეყავდათ-გამოყავდათ, მაგრამ მაგარი იყო.
იტალია მართლა ძალიან კარგი გუნდი იყო: უტევდა და რომანტიკულადაც კი გამოიყურებოდა, რაც შემდგომ იტალიის ნაკრებებს საერთოდ აღარ ეტყობოდათ. მწვრთნელი იყო ენცო ბეარზოტი, ჩიბუხით, შავი სათვალით, გამოსაქანდაკებელი პროფილით. გავიდნენ მეოთხეზე, ნელინიომ და დირსეუმ ჩაუხვიეს და მოუგეს.
ოთხი წლის შემედგ იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ოღონდ სულ სხვნაირად თამაშობდა, ბევრად მწარედ ირტყმევინებოდა კოჭებში და უტეხი სულის, მძლავრი გუნდი გახლდათ, ძველი იტალიური ფეხბურთის წესზე დამყარებული, ახალი სიჩქარეებით და დიდებული ფეხბურთელებით. ბეტეგა იქ აღარ იყო და კაუზიო სკამზე იჯდა, კლაუდიო ჯენტილე კი ყოველთვის თამაშობდა, ხოლო ანტონიონიმ ფინალი გამოტოვა. გუნდი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოთხი წლის წინანდელი – მოუგო არგენტინას, ბრაზილიას, გერმანიას და ჰა, პოლონეთსაც. მეხისერებაში გადაფარა ის ძველი გუნდი, ოღონდ ვერ გადაფარა ის, რომ 78 წლის იტალია სხვანაირი იყო.
ჰოდა, აი წელს რომ იტალია თამაშობს, გამახსენდა ის ბეტეგიანი იტალია და რატომ დავმალო, გულში ისევ ვუბალეშჩიკე.