იან ობლაკი

„მანჩესტერ იუნაიტედს” თავისი მთავარი პრობლემის გადასაჭრელად ამბიციური გეგმა აქვს — მადრიდის „ატლეტიკოს” დავიდ დე ხეას იან ობლაკში გაცვლა უნდა შესთავაზოსო, წერს ინგლისური პრესა.

ჭკვიანური სვლაა. მანჩესტერელები დე ხეას „ოლდ ტრეფორდიდან” მოცილებას რა ხანია ცდილობენ. ესპანელმა მეკარემ, ორი დღის წინ, ევროლიგის ფინალში სულაც გადამწყვეტი პენალტი ააცილა — მას მერე, რაც „იუნაიტედისა” და „ვილიარეალის” შეხვედრაში (1:1) მატჩისშემდგომი პენალტები დაინიშნა, ორივე გუნდმა ათ-ათი თერთმეტმეტრიანი გაიტანა, რის შემდეგაც ერთმანეთს მეკარეებმა დაურტყეს; ვიდეოში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ნახავთ, რომ „ვილიარეალის” არგენტინელმა გოლკიპერმა ხერონიმო რულიმ გაუტანა კოლეგას, დე ხეამ კი ვერა.

დავიდ დე ხეას თავიდან მოშორების შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედი” მისთვის უზარმაზარი ხელფასის, კვირაში 375 000 გირვანქის გადახდასაც გადარჩება.

უკვე თვეებია, ოლე გუნარ სულშერი და მისი ასისტენტები მარჩიელობენ ვინ დააყენონ კარში, დე ხეა თუ დინ ჰენდერსონი, მრჩეველები კი ობლაკის ყიდვას უკიჟინებენ. მოგეხსენებათ, 28 წლის სლოვენიელმა მეკარემ „ატლეტიკოს” შემადგენლობაში, ახლახან ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

28 წლის ობლაკის ფასი 70 მილიონი გირვანქის ფარგლებში იქნება. 70 მილიონი გირვანქა დღევანდელი კურსით 81,2 მილიონი ევროა, თუმცა „იუნაიტედი” იმედოვნებს, რომ „მატრასის მკერავები” მის დე ხეაში გაცვლის იდეას მოიწონებენ და ფასს დააკლებენ.

შესაძლოა, როლი ითამაშოს იმ გარემოებამაც, რომ დე ხეა „ატლეტიკოს” აღზრდილია და 2011 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედში” სწორედ „ვისენტე კალდერონის” სტადიონიდან გადავიდა.

რაც შეეხება 24 წლის ჰენდერსონს, მას სულშერი ერთიხანობა ენდობოდა, მაგრამ „ლივერპულთან” შინ წაგებაში (2:4) თავისი სამწუხარო წვლილი შეიტანა და მისი ოსტატობაც მაშინ დადგა ეჭვქვეშ.

კიდევ სად შეიძლება გაუშვან 30 წლის დავიდ დე ხეა? მეკარის მსურველ ფულიან კლუბთა სია ძალიან მოკლეა: „პარი სენ ჟერმენი” და „იუვენტუსი”, მაგრამ „ატლეტიკო” იდეალური ვარიანტია.

„მანჩესტერ იუნაიტედს” კიდევ ორი მეკარე ჰყავს, 34 წლის არგენტინელი სერხიო რომერო და 38 წლის ლი გრანტი, რომელთა მომავალი გაურკვეველია.

ამბობენ, რომ „ოლდ ტრეფორდზე” „ასტონ ვილადან” შეიძლება 34 წლის ტომ ჰიტონი დაბრუნდეს. მასში ფული არ იქნება გადასახდელი.