შაბათს, „აუგსბურგთან” შეხვედრაში, ჯერომ ბოატენგი „ბაიერნის” შემადგენლობაში უკანასკნელად ითამაშებს. მან მიუნხენში გატარებულ ათ წელიდას თვალი გადაავლო და კლუბს მადლობა გადაუხადა.
„წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი, მომეცა მრავალ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება, შევიძინე მეგობრები და ვითამაშე ბაიერნული ფეხბურთი,” — თქვა 32 წლის მცველმა, რომელსაც არ დაუზუსტებია სად აპირებს კარიერის გაგრძელებას.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა დასძინა: „ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა დღე, როდესაც წასვლა მომიწევდა. ასეთი ადამიანი ვარ. სიახლეები მჭირდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალი გამოცდილების მიღება და საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ სხვა გამოწვევებთანაც შემიძლია გამკლავება”.
ჯერომ ბოატენგი „ბაიერნში” „მანჩესტერ სიტიდან” 2011 წელს გადავიდა. მანამდე „ჰერტაში” იყო.
„მადლიერი ვარ „ბაიერნის” და ყველა ადამიანის, ვინც ამ კლუბში, ჩემი ცხოვრების ამ დაუჯერებელ პერიოდში გავიცანი”, — თქვა გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონმა.
„შპორტ ბილდის” მონაცემით, ჯერომ ბოატენგმა „რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში 362 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. 2016 წელს ის გახდა გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. „რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ტრიპლი.