ბრაზილიის შტატ პიაუზის ჩემპიონატში „რივერისა“ და „ფლამენგოს“ (2:3) მატჩის შემდეგ უჩვეულო ამბავი მოხდა.

„რივერის“ ფანების ერთმა ჯგუფმა გუნდს „კლასიკოში“ მარცხი არ აპატია, ავტობუსს ალყა შემოარტყა და ფეხბურთელებს სტადიონის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. პროტესტანტების დასაშლელად პოლიცია მივიდა, რომლებმაც ხელკეტებით რომ ვერაფერი გაახერხეს, ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინეს. რის შემდეგ ავტობუსმა თავისუფლად დატოვა სტადიონის ტერიტორია. თუმცა, რამდენიმე გულშემატკივარი ავტობუსს აედევნა, გზა და გზა კი, ქვებსა და სხვა ნივთებს ესროდნენ.

მერე რა, მსგავსი რამ სხვაგანაც მოხდარაო, იტყვით… ამჯერად „რივერის“ ფეხბურთელებმა ავტობუსი გააჩერებინეს, თავად ძირს ჩამოვიდნენ და ფანატებისთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს „ეომებოდნენ“. თუმცა, არც ამით დამთავრებულა ყველაფერი – კლუბის საწვრთნელ ცენტრში მისული ავტობუსი გულშემატკივრებმა პეტარდებით „დაბომბეს“.

„რივერი“ პიაუზის შტატში 14 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მათი მომგები „ფლამენგო“ 10 ქულით – მეექვსეზე.