„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ჟოზე მოურინიუ მოხსნა. მიზეზი: გუნდი ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებაში ვერ ხვდება.

მოურინიუმ, რომელიც ახლა 58 წლისაა, „სფურზის” თავკაცის თანამდებობაზე მაურისიო პიჩეტინო 2019 წლის ნოემბერში შეცვალა. ახლა პორტუგალიელს თავადაც უწევს წასვლა. მისი ხელმძღვანელობით, „ტოტენჰემი” პრემიერლიგაშიც უხეიროდ თამაშობს და ევროლიგიდანაც გავარდა.

უცნაურია, რომ „დეზების” ხელმძღვანელობა არ დაელოდა 25 აპრილს, როდესაც გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტის” უნდა შეხვდეს.

„ტოტენჰემმა” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დღეიდან მოურინიუსთან ერთად თანამდებობებს დატოვებენ მისი ასისტენტები ნუნუ სანტუში, კარლოს ლალინი და ჯოვანი ჩერა.

როგორც დიპლომატიის ენა მოითხოვს, „სფურზის” პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ თქვა, რომ მოურინიუ გუნდს მხარში ურთულეს პერიოდში ამოუდგა.

„ჟოზე ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც პანდემიის პერიოდში დიდი სიმტკიცე გამოამჟღავნა. პიროვნულად, მე მასთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ დიდხანს, მაგრამ სამწუხაროდ ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ ვგეგმავდით.

მე მოურინიუს წვლილს ვაფასებ, გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას ვუხდი და ვაცხადებ, რომ ის „ტოტენჰემ ჰოთსფურში” ყოველთვის სასურველი პიროვნება იქნება”.

თანამდებობიდან გაშვებულ მოურინიუს კომპენსაციის სახით დაახლოებით 20 მილიონ გირვანქას გადაუხდიან.

ჯერჯერობით, „ტოტენჰემ ჰოთსპურს მწვრთნელები რაიან მეისონი და კრის პაუელი გაუძღვებიან.

ვინ დაიკავებს პორტუგალიელის ადგილს? დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი კანდიდატი „ლაიფციგის” თავკაცი იულიან ნაგელსმანია.